მენტალური იზოლაციის შედეგები

ელენე ხაჭაპურიძე

მარიამ ნიკურაძე

წარმოიდგინეთ ოთახი, სადაც ფანჯრებზე გისოსებია. ამ ოთახში კი ფსიქიკური აშლილობით პაციენტი მკურნალობს. მკურნალ ექიმსაც დროის მნიშვნელოვანი ნაწილის გატარება გისოსებიან სივრცეში უხდება. სწორედ ასეთი დეტალებით ფსიქიატრიული საავადმყოფო  შეიძლება, იქცეს ციხედ.

ფსიქიატრიული პროფილის სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ წარმომადგენელი ნანა ზავრადაშვილი მიიჩნევს, რომ ციხის აზროვნება  ასეთ პირობებში ეტაპობრივად ყალიბდება: „როცა ორივენი ვსხედვართ გისოსებში, მეც და პაციენტიც დათრგუნულები ვართ, მას ჰგონია, რომ მისი თავისუფლება შეზღუდეს და მკურნალიც ციხის ზედამხედველის როლს ირგებს.“

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალაციის მიერ ჩატარებული  კვლევის მიხედვით, 2004 წელს 106,921 ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი დარეგისტრირდა.  2007 წელს ჭარბობდა  შემდეგი ფსიქიკური აშლილობები: შიზოფრენია, “ბოდვითი აშლილობები“ და „გონებრივი ჩამორჩენილობა“. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით კი, 2009 წელს 5000-მდე ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა  დაფიქსირდა,  2008 წელს ეს მაჩვენებელი 9000-ს აჭარბებდა. ციფრებიდან გამომდინარე, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი მწვავედ დგას ქვეყანაში.

როგორც აღმოჩნდა, ამ სფეროში მკურნალობის მეთოდი კომპლექსურია, რაც ამბოლატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას გულისხმობს.

როგორც  კლინიკა „მენტალვინტას“ კონსულტატი ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი განმარტავს, ამბულატორია ნიშნავს სტაციონარის გარეშე, ანუ სახლის პირობებში მკურნალობას. „პაციენტს ეძლევა დანიშნულება და თვითონაა პასუხისმგებელი წამლის მიღებაზე, მკურნალობის რეჟიმის დაცვაზე და ა.შ. სტაციონარი გულისხმობს იმას, რომ ის  სტაციონარში წევს და იღებს საჭირო მკურნალობას.“

როდისაა საჭირო მედიკამენტურ/სტაციონარული მკურნალობა, ან შეიძლება, თუ არა მხოლოდ ფსიქო-სოციალური თერაპიით პაციენტის გამოჯანმრთელება; აუცილებელია თუ არა ამ ორი მეთოდის პარალელურ რეჟიმში გამოყენება -ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს ამ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება გააჩნიათ.

როგორც საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობის“ დირექტორმა, ნანა აღაპიშვილმა, განგვიმარტა, რაღაც ეტაპზე შესაძლებელია, რომ  მედიკამენტურ მკურნალობას ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ შემდეგ უკვე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს: „ეს გულისხმობს მისი სოცალური უნარების გაძლიერებას და დამატებითის შეძენასაც. ზოგიერთი დაავადება მოქმედებს ყველა პროცესზე, დავუშვათ, ადამიანის თვითმომსახურების პროცესზე, ადამიანები დაავადების შედეგად კარგავენ სხვადასხვა უნარს და ეს უნარები უნდა აღდგეს პიროვნების სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის.“

ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტის რეაბილიტაციისთვის მთავარ ბერკეტად ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ზურაბაშვილი მედიკამენტურ მკურნლობას მიიჩნევს: „წამალი იმისთვის იქმნება, რომ იმკურნალო, თუ ვინმე  თვლის, რომ შამანი ძალიან კარგია, უმკურნალოს ფსიქიკურ პრობლემას ჩასუნთქვით.“

მედიკამენტურ მკურნალობასთან მიმართებაში, ბატონი დავითის აზრს იზიარებს ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი: „წამალი ჰქვია იმიტომ, რომ ის მკურნალობს, საწამლავი ჰქვია იმიტომ, რომ ის წამლავს. რაც შეეხება ფსიქოთერაპიას, როგორც მკურნალობის მეთოდს, ზოგჯერ მაგალითად, შიზოფრენიის შემთხვევაში, გვეუბნებიან, რომ  კლასიკური ფსიქოანალიზის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. 90-იან წლებში ფსიქოანალიზის გამოყენება ფსიქოთერაპიაში მეოცე ადგილზე იყო აშშ-ში, 2000 წლისთვის 120-ე ადგილზე გადავიდა, როგორც ერთ-ერთი ტექნიკა.“

ფსიქიატრი ნანა ზავრადაშვილი ინდივიდუალურ შემთხვევებში მედიკამენტურ მკურნალობას არ გამორიცხავს და აუცილებლობადაც თვლის:  „ყველა პაციენტს მკურნალობის თავისი ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, რა თქმა უნდა,  დოზირება მნიშვნელოვანია. პაციენტი არ უნდა იყოს გათიშული, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა დიდი დოზების გაკეთება და გარკვეული პერიოდით დამშვიდება, თუმცა ეს ძალიან ეთიკური საკითხია: რა სჯობს, ადამიანი იყოს აგზნებული და თავის განცდებით მოცული, თუ იყოს გათიშული და გამორთული სიტუაციიდან. მე მგონია, რომ აქ ექიმი ზიანიდან უნდა გამოვიდეს,  რომელს უფრო მძიმე შედეგი ექნება ადამიანისათვის.“

საქართველოში მედიკამენტური და სტაციონარული მკურნალობის პრიორიტეტულობას ქალბატონი ნანა კულტურულ  ფენომენს უკავშირებს. მისი აზრით, საზოგადოება მომთხოვნია მათგან განსხვავებული ადამიანის მიმართ.  „ მასა, ფაქტობრივად, ითხოვს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები იზოლირებული იყვნენ მათგან, ოღონდ თავად არ შეწუხდნენ.“ ფსიქოლოგი თვლის, რომ ასეთი დამოკიდებულება გავლენას ახდენს ექიმის გადაწყვეტილებაზე და დიდი დოზებით იწყებს მკურნალობას, ყველაზე საშინელი კი ამ გარემოებაში არის ის, რომ  ხშირად პაციენტის ოჯახის წევრები ითხოვენ ისეთ მედიკამენტურ მკურნალობას, რის შედეგადაც ადამიანი ფაქტობრივად ითიშება.

საზოგადოებისა და ოჯახის სასტიკ მოპყრობაზე საუბრობს დავით ზურაბაშვილიც. იგი ადასტურებს შემთხვევებს, როცა პაციენტი მზადაა გასაწერად და ოჯახი მის წაყვანაზე უარს ამბობს. პრობლემა ამით არ მთავრდება.  მას შემდეგ, რაც ფსიქიატრიული საავადმყოფო იურისტისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით პაციენტს სახლში დააბრუნებს, ოჯახს კი ეს არ სურს, ამის გამო ისინი ცუდად ექცევიან ამ ადამიანს, იძულებით ასმევენ ალკოჰოლს, რის შედეგადაც ავადმყოფობა ისევ მწვავდება და პაციენტი კლინიკაში ბრუნდება.

როგორც ბატონმა დავითმა აღნიშნა, ასეთი ფაქტების დამტკიცება ვერ ხერხდება: „კანონმდებლობით ამას ვერ გააკონტროლებ, ეს სინდის საქმეა.“

სახალხო დამცველის ანგარიშში საქართველოს ფსიქიატრული კლინიკების შესახებ ზუსტად ეს პრობლემა არის ხაზგასმული, რომ როდესაც არასავალდებულო მკურნალობას გადის პაციენტი და მას აქვს სურვილი და უფლება, დატოვოს კლინიკა, ის პრობლემებს აწყდება. ხშირად პაციენტები სახლში ვერ ბრუნდებიან, რადგანაც ოჯახის წევრებს აღარ სურთ მათი მიღება და ამ შემთხვევაში პაციენტის უფლებებს ვერანაირი ორგანო ვერ იცავს. ციტატა: “იმავე ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ექიმები მონიტორინგის მომენტში გაწერისთვის მზაობას გამოხატავდნენ 110 პაციენტის შემთხვევაში, აქედან 68 პაციენტი მარტოხელა და უსახლკაროა, ხოლო 42 პაციენტის მოვლაზე ოჯახის წევრები აცხადებენ უარს. ამ მხრივ პრობლემას აღრმავებს ქვეყანაში თემზე დაფუძნებული ფსიქიატრიული სერვისების და ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების დეფიციტი.“

ფსიქიატრიაში ადამიანის უფლებები ყველაზე პრობლემატური საკითხია. ამ დაავადების შემთხვევაში, ადამიანს მკურნალობა შეიძლება, ჩაუტარდეს მისი ნების გარეშე, არის თუ არა ეს პიროვნების უფლებების დარღვევა, ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს  ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახა პასუხის გაცემა არ შეუძლიათ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გაგი მოსიაშვილის თქმით, „კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ 2007 წელს შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, მაინც დასახვეწია. „კანონმდებლობა ამ კუთხით დაუხვეწავია, თავად ფსიქიატრებმაც არ იციან არღვევენ თუ არა ადამიანის უფლებებს, კანონი გადახედვა სჭირდება“

ნანა ზავრადაშვილის განმარტებით, რაც უფრო ლიბერალურია საზოგადოება და პიროვნების ღირსებას და თავისუფლებას პატივს სცემს, მით უფრო ცდილობს, ფსიქიატრიული მომსახურეობა ჰუმანური იყოს „ჩვენს საზოგადოებას დღეს მოთხოვნა აქვს წამლებით მკურნალობაზე და შესაბამისად ღებულობს მას“

პრობლემა არის როგორც საზოგადოებაში, ისე მთავრობის მიერ რესურსების არასწორად განაწილებაში და შესაბამისად ექიმების მიერ მკურნალობის მეთოდების კუთხით განსაზღვრულ პრიორიტეტებში. „დაფინანსების კუთხით, 80 პროცენტი მედიკამენტებით უზრუნველყოფას უჭირავს და 20 პროცენტი ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, აუცილებელია, ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტში გაიზარდოს შეგნება და გავიაზროთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობით ვერ დავეხმარებით და ფსიქო-სოციალური დახმარებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.“ – ამბობს ფსიქიატრი.

Leave a comment