სიძულვილის ენა

უნდა ისჯებოდნენ თუ არა ადამიანები საკუთარი გამონათქვამებისთვის?

თიკო ცერცვაძე

ელენე ხაჭაპურიძე

„მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ გუნდები მორიგი საკონკურსო ტურისთვის ემზადებიან.  „კითხვა-პასუხის“ ტური წამყვანის დასმულ  შეკითხვაზე სასაცილო პასუხის გაცემას გულისხმობს. დარბაზში ისმის შეკითხვა:  „რა არის ჰიტლერის ყველაზე დიდი ღირსება?“. გუნდ „კოზა ნოსტრას“ პასუხი: „უფასო გაზი ყველა ებრაელის ოჯახში“.  ხუმრობას მაყურებლების ოვაცია მოჰყვა, ჟიურიმ კი შეფასებები დაწერა.

სახალხო დამცველის აპარატმა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ეს ხუმრობა გააპროტესტა და მას სიძულვილის ენის კვალიფიკაცია მიანიჭა. გუნდმა „კოზა ნოსტრამ“ ბოდიში მოიხადა.

გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა გუნდი, იმავე შინაარსის ხუმრობა  ევროპაში რომ ეთქვათ. იქ, სადაც სიძულვილის ენა, საქართველოსგან განსხვავებით, კრიმინალიზებულია.  იურისტ გიორგი გოცირიძის  აზრით, სიძულვილის ენის კრიმინლიზება ხდება  კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით: „რათა  დავიცვათ ადამიანის იდენტობა, მიკუთვნებულობა კონკრეტულ კოლექტიურ ჯგუფთან, კულტურულ ერთობსთან,  წინააღმდეგ შემთხვევაში, უმცირესობები თავს მოგვაჩვენებენ უმრავლესობად ან პირიქით, ჩაიკეტებიან თავიანთ თემში და არ ექნებათ ურთიერთობა   უმრავლესობის წევრებთან. ეს ყველაფერი დამღუპველად მოქმედებს ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაზე“.

ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, ნიდერლანდები,  გერმანია, ავსტრია სიძულვილის ენა დანაშაულად ითვლება. მაგალითად, საფრანგეთში სომხების მიმართ გენოციდის უარყოფა   სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. გერმანიაში ფაშისტური სიმბოლიკის პროპაგანდა  დანაშაულია.   ჰოლოკოსტის  შემთხვევაში მიღწეულია საერთო ევროპული კონსენსუსი, რამაც გარკვეული გლობალური ხასიათი მიიღო.

კანონით საქართველოში სიძულვილის ენა არ არის დანაშაული. ამის გამო, პირს არ ეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგბლეობა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი ყურადღების მიღმაა დარჩენილი. ის მოქცეულია თვირეგულირების ფარგლებში.

თვითრეგულირება დაკავშირებულია მაუწყებლობის შესახებ კანონთან, რომლის მიხედვითაც, იკრძალება ისეთი პროგრამების გაშუქება, რომელიც  რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური შუღლის გაღვივებას იწვევს და აშკარა საფრთხეს ქმნის. გრძნობა თუ სიძულვილი მაუწეყბლობის შესახებ კანონით არ არის დასჯადი, მაგრამ შეიძლება გახდეს, თუ იგი მოწოდების ან აქტიური ქმედების ფორმას მიიღებს.

იურისტი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენა კანონით დასჯადი არ უნდა იყოს და თვლის, რომ საქართველოს კანონმდებლობა აზრის თავისუფლებას სწორად განიხილავს: „თუ ადამინი ფიქრობს, რომ მოწოდებამ ზიანი მიაყენა მის ინტერესებს, მას შეუძლია, იდავოს ზიანის ხარისხიდან გმომდინარე თვითრეგულირების, ანუ მაუწყებლობის ფარგლებში. თუ პრესას ეხება, მოსარჩელეს შეუძლია, ქარტიაშიც მივიდეს, თუ არადა სასამართლოში  იდავოს.“

ის ადამიანები, რომლებიც სიძულვილის ენის კრიმინალიზებას ემხრობიან, მიიჩნევენ, რომ საქართველოში არსებული კანონმდებლობა ამ მხრივ არ არის სრულყოფილი. გიორგი გოცირიძე: „მე მიმაჩნია, რომ სიძულვილის ენა წვეთ-წვეთად აღვივებს ძალადობას საზოგადოებაში, შეიძლება, რაღაც მომენტში ეს არ იყოს საფრთხის შემცველი, თუმცა სამი-ოთხი წლის შემდეგ,  შედეგი გამოიღოს. ამიტომ თუ სიძულვილის ენის პრევენციას მოვახდენთ, ამ მოტივით ჩადენილი დანაშაულის  საფრთხე შესაძლოა არც დადგეს.“

მეორე მხრივ, თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის კრიმინალიზების შემთხვევაში რთული იქნება ზღვარის დადგენა სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. „აზრის  შეიზღუდვისას გაცილებით მეტი პრობლემა შეექმნება სამყაროს, ვიდრე დისკრიმინაციული მოსაზრების  გამოხატვისას.  ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია, გამოიყენოს პასუხის უფლება“.

ამის საპირისპიროდ, გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ  თავისუფალ იდეათა ბაზარზეც არ არის თანასწორუფლებიანობა. მაგალითად, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიერ სარჩელის შეტანის შემთხვევაში, მათი ეს ქმედება  დაკავშირებულია საკუთარი სტატუსის გახსნასთან, რაც კიდევ დამატებით პრობლემად იქცევა მათთვის: „რეალურად მცირე ჯგუფს არ აქვს პასუხის გაცემის შესაძლებლობა, ამიტომაც მიმაჩნია გამოსავლად ისეთი გამონათქვამების აკრძალვა, რომელიც ადამიანთა გარკვეული ჯგუფის სტიგმატიზებას და გარიყვას ხელს შეუწყობს.“

თამარ კორძაია იმ სააფრთხეებზეც საუბრობს, რაც სიძულვილის ენის კრიმინალიზების შემთხვევაში შიძლება დადგეს: „ის, რომ ადამიანს არ აქვს, თავისი, თუნდაც შეურაცხმყოფელი მოსაზრების გამოხატვის საშუალება, სულაც არ ნიშნვს იმას, რომ მას რეალურად არ აქვს ასეთი დამოკიდებულება. შესაბამისად, თუ არ გვეცოდინება პრობლემის შესახებ, მისი გადაჭრის შესაძლებლობაც არ გვექნება“.

მედია და სიძულვილის ენა

 

სიძულვილის ენის კრიმინალიზება საფრთხის შემცველია მედიის მუშაობის ხარისხის კუთხითაც. ჟურნალისტი ნინო ბექიშვილი მიიჩნევს, რომ კანონში ამგვარი ცვლილება შესაძლოა, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ. მეორე მხრივ, სიძულვილის ენის  ტირაჟირების ერთ-ერთი საშუალება სწორედ მედიასივრცეა: „თუ გადავხედავთ  ქართულ ბეჭდვით გამოცემებს, სწორედ ის გაზეთებია რეიტინგული, რომლებიც სიძულვილის ენის პოპულარიზებას ახდენს, მაგალითად, „ასავალ-დასავალი“, „ალია“, „ქრონიკა“, – ამბობს ჟურნალისტი.

სწორედ სიტყვის თავისუფლების გამო, რთულია, ცალსახად თქვა, რომ კრიმინალიზება სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა ნინო ბექიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს გარკვეული ტიპის გამონათქვამების გამოყენების აკრძალვა, რომელმაც შესაძლოა, სიძულვილის ენის საფუძველზე  ჩადენილ დანაშაულამდე მიგვიყვანოს.

 მედია შესაძლოა, იქცეს  როგორც სიძულვილის ენის  პროპაგანდის, ისე პრევენციის ბერკეტად: „ საზოგადოებაზე ყველაზე უფრო ეფექტური გავლენის მომხდენი არის მედია.  სამწუხაროდ, ძალიან ხშირად თუკი თვითონ არ არის  სიძულვილის ენის მატარებელი, აუცილებლად არის გამტარი მაინც.“

 იურისტ თამარ კორძაის თქმით, მედიაში სწორად  წარმართული დისკუსია შეიძლება, სასარგებლო გახდეს: „როდესაც ჯანსაღი დისკუსიაა, ვიღაც კი სიძულივილის ენას აფრქვევს, მეორე პაუხობს მას გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ეს გვაძლევს შანსს, რომ იმ ადამიანებს გადავაფიქრებინოთ.“

გარდამავალი პროცესები,  როგორც გულგრილობის მიზეზი.

 

„ სომეხია და რა ვქნათ, ეს ხომ არ არის დამალული!“- ასე პასუხობს, რეჟისორი რობერტ სტურუა ჟურნალისტის კითხვას. ამ განცხადებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.  აღშფოთებულთა რაოდენობას მკვეთრად გადააჭარბა რეჟისორის მხარდამჭერთა რაოდენობამ.  ამის დასტური სოციალურ ქსელში გამართული დისკუსიებია, სადაც  დღემდე გრძელდება ასეთი შინაარსის ტექსტების გამოქვეყნება სტურუას პირად გვერდზე: „გაიხარეთ, ბატონო რობერტ, ვამაყობ თქვენნაირი ქართველებით!“ ან  „გული არ დაგწყდეთ,  ბატონო რობერტ, მაგ მედროვეებისა და ლაქია ბრბოს გამო!“

რატომ არის  ქართული საზოგადოება გულგრილი  სიძულვილის ენის მიმართ?!

 ფსიქოლოგ თინა ასათიანის აზრით, ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლებ ჰქონდეს. თვლის, რომ   მთავარი წყარო სომხების მიმართ  სტერეოტიპული დამოკიდებულებაა: „როცა საზოგადოებაში დისკრიმინაციული ფრაზები ნორმად მიიჩნევა, ამას არ მოჰყვება პროტესტი. ნორმად კი იმ სტერეოტიპული მოსაზრებების გამო აღიქმება, რომელიც მყარად ჩაიბეჭდა ქართულ მენტალობაში“. თინა ასათიანის აზრით, მსგავსი დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან ეს ის საფუძველია, რაზეც კონფლიქტი შეიძლება დაშენდეს, კონფლიქტი კი თავის მხრივ ახალ სტერეოტიპებს იწვევს.“

 ჟურნალისტი  ნინო ბექიშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოთა მემკვიდრეობა არანაკლებ როლს ასრულებდა სიძულვილის ენის პროპაგანდირებაში, როდესაც განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქმებოდა ეთნიკური ნაციონალიზმი. ამას დაემატა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდი და მისი ცნობილი პოსტულატი „საქართველო ქართველებისთვის“: „ამ პერიოდში, ბევრმა ეთნიკურად არაქართველმა ადამიანმა დატოვა საქართველო, შეეშინდათ ან აიძულეს. ის, რომ გვინდა მრავალეთნიკური და ტოლერანტული სახელმწიფო, ამისკენ მიმავალ გზას ახლა გავდივართ. სწორედ ჩამოყალიბების პროცესის გამო, მარტივია ასეთი თემებით მანიპულაცია და მტრის ხატის შექმნა.“

 მიუხედავად მრავალი დისკუსიისა, იურისტებს, ფსიქოლოგებს, ჟურნალისტებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს შორის ვერ შედგა კონსენსუსი სიძულვილის ენის კრიმინალიზებასთან დაკავშირებით. ერთადერთი საკითხი, რაზეც ყველა თანხმდება, არის ის, რომ ქართული საზოგადოება რადიკალური ცვლილებებისთვის ჯერ მზად არ არის.

 

 თამარ კორძაია “სიძულვილის ენის” კრიმინალიზების შესახებ 

Leave a comment