“წითელი არქივი”

მარგო ჯაფარიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ეგრეთ წოდებულ მოდულის შენობაში, პირველ სართულზე მდებარეობს. მას დღეში საშუალოდ ორი-სამი ადამიანი აკითხავს.

 როგორც სამმართველოს უფროსი, ომარ თუშურაშვილი აღნიშნავს, არქივის მიმართ ინტერესი მოსალოდნელზე ნაკლებია: „სამწუხაროდ, ისე გამოდის, რომ უცხოელები უფრო ხშირად მოგვმართავენ, აინტერსებთ საჭოთა ისტორია. ქართველებს ჰგონიათ, ალბათ, რომ ყველაფერი შეისწავლეს. არადა არქივის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, მთლიანად შეუსწავლელია. ჯერ ერთი, რომ ამ საქმეებს ადრე არავინ განახებდათ, მეორეც რომ,  საძიებო სისტემა არ იყო გამართული. თუ, ვთქვათ, გერმანელები ინტერესდებიან და თითოეულ აბზაცს იკვლევენ, ხომ შეუძლიათ ჩვენს მეცნიერებსაც, რომ იგივე გააკეთონ?!“

 უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, ეკატერინე დანელია, უკვე ნახევარი წელია, რაც ამ არქივით სარგებლობს. ამბობს, რომ არქივში პროფესიული ინტერესისა და, ამავდროულად, ვალდებულების გამო დადის: „უნივერსიტეტში ვსწავლობ საგანს „საბჭოთა კავშირის ისტორია“, კურსის ფარგლებში გვევალება არქივზე დაყრფნობით მოძიებული მასალისაგან ესეების წერა, ამიტომ სშუალოდ კვირაში ორჯერ არქივში მივდივარ ათ ჩემს  კურსელთან ერთად. სამკითხველო დარბაზში ჩვენს გარდა რამდენიმე დოქტორანტურის სტუდენტი თუ შემინიშნავს.“ ეკატერინე ამბობს, რომ არქივის თანამშორმლები მკითხველებს ყველანაირად ეხმარებიან, თუმცა მუშაობა მატრივი მაინც არ არის: „გიწევს პირველწყაროსთან ურთიერთობა, შეიძლება, უამრავი მასალის წაკითხვა მოგიწიოს, იმისათვის, რომ ის ერთი აბზაცი იპოვო, რაც შენ გინდა, შეიძლება, შენთვის საინტერესო საერთოდაც ვერაფერი ამოიკითხო“.

 

გარდა „მოდულის“ შენობისა, საარქივო საცავები განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და „საქართველოს ელექტროკავშირის“ შენობაში. არქივში დაცულია ორ მილიონზე მეტი სააღრიცხვო ერთეული.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს სარქივო სამმართველო აერთიანებს შინაგან საქმეთა სამინისტორს, ყოფილი უშიშროებისა („სუკის“) და ყოფილი პარტიული ორგანოების არქივს. დაცულია სისხლის სამართლის საქმეები, პარტიული სხდომის ოქმები,  გადასახლებულების, სპეცგადასახლებულებისა და დახვრეტილების სიები.  ოპერატიული არქივის სისხლის სამართლის საქმეთა საარქივო ფონდში შედის 16 ათასზე მეტი სისხლის სამართლის საარქივო საქმე, 475 ტომი ყოფილი “ЧК-ГПУ-ОГПУ-НКВД-МГБ”-ს კოლეგიების, პრეზიდიუმების, განსაკუთრებული სათათბიროების, სამეულების სხდომების ოქმი და ცხრა ტომი სასჯელის უმაღლესი და სხვა ზომებით მისჯილ პირთა სია (1921-1938).

 შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების კომიტეტის არქივი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებისთვის გახსნილად 2004 წელს გამოაცხადა. არქივში დაცული დოკუმენტებით სარგებლობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია: „ერთადერთი, რაც შეიძლება, მოქალაქეებს არ მივაწოდოთ, დამსმენთა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციაა. ამ შემთხვევში ვფარავთ იმ ადგილს, სადაც მისი სახელი და გვარია მითითებული. რადგან ის შეიძლება, დაინტერესებული მოქალაქის ახლო ნათესავი ან  დედმამიშვილი იყოს. რატომ უნდა ტანჯავდეს იმ ადამიანს მთელი ცხოვრება, რომ ნათესავმა დაასმინა?! მითუმეტეს, რომ ჩვენებების უდიდესი ნაწილი არასარწმუნოა და მკაცრი ზეწოლის შედეგად არის მიცემული,“- აცხადებს საარქივო სამმართველოს უფროსი. მისივე ინფორმაციით, არქივში, ფაქტობრივად, არ ინახება დოკუმენტები აგენტურული საქმიანობის შესახებ, რადგან არქივის სწორედ ეს ნაწილი სმოლენსკშია დარჩენილი.

პირველი დახმარება არქივს საფრანგეთის საელჩომ გაუწია: შეიძინეს 1500 ყუთი, რაშიც გაფანტული საქმეები მოთავსდა. საარქივო ერთეულებს  ამჟამად აღდგენა-კონსერაცია უტარდება: დაზიანებულ ფურცლებს მეტალის ნაწილებისგან ათავისუფლებენ, ასწორებენ, წმენდენ, ახალ ფურცლებზე აწებებენ, პრესში ატარებენ, საქმეებს კინძავენ, ყდას აკრავენ და სპეციალურ ყუთებში სტელაჟებზე აწყობენ. მიმდინარეობს ყველა საარქივო ერთეულის ელექტრონულ ფორმატში გადატანა და საძიებო სისტემის გამარტივება.

 არქივის საცავში ტენიანობისა და კონსერვაციის პირობები უსახსრობის გამო, დაცული არ არის. როგორც სამმართველოში ამბობენ, ტემპერატურა დასაშვებზე მაღალია, ხოლო ტენიანობა დაბალი.

 „იპოვე შენი წინაპარი“- ასეთი მოწოდებით ერთ-ერთი ბოლო პორექტი „წითელი ისტორია“ დროთა განმავლობაში სხვადასხვა საქმეებიდან გადმოცვენილ ფოტოსურათებზე გამოსახული ადამიანების ამოცნობას ისახავს მიზნად. ვებ-გვერდზე განთავსებულ ფოტოებზე უკვე რამდენიმე ადამიანმა საკუთარი წინაპარი ამოიცნო და სურათებიც შესაბამის საქმეებში ჩაიკრა.

 არქივის  ისტორია სათავეს საქართველოს გასაბჭოების პერიოდიდან იღებს: 1921 წლის მარტში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) პრეზიდიუმის ბრძანებულებით შეიქმნა საარქივო-სააღრიცხვო განყოფილება, რომელსაც  „საშიში ელემენტების“ შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალების შეგროვება დაევალა. პირველი საქმე, რომელიც რეგისტაცაში გაატარეს სისხლის სამართლის იყო, რის მიხედვითაც, რაჟდენ მირიანაშვილს საკვები პროდუქტების გადამალვის გამო,  სასჯელის უმკაცრესი ზომა, დახვრეტა, მიესაჯა.

 1990 წელს ოპერატიული საქმიანობის ამსახველი მასალების ნაწილი სმოლენსკში გაიტანეს. იმ არგუმენტით, რომ მხარეებს შორის არ არსებობს არანაირი ნორმატიული აქტი, დოკუმენტები რუსეთიდან  აღარ ბრუნდება. 1991-1992 წლის სამოქალაქო ომის დროს „სუკის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა და,როგორც ისტორიკოსები ამბობენ, 210 ათასი ერთეული, ფაქტობრივად, საარქივო ფონდის 80%-ზე მეტი განადგურდა, დარჩენილიდან 10% კი წყლის ჭავლმა დააზიანა. აღარ არსებობს საქართველოს “სუკის” ყოფილ თანამშრომელთა პირადი საქმეები (22 ათასზე მეტი ტომი), საიდუმლო საქმისწარმოების მასალები (7 ათასზე მეტი ტომი), სამეთვალყურეო-აგენტურული მასალები უცხოეთის მოქალაქეების არაკანონიერ ქმედებაზე საქართველოში (20 ტომი). გადარჩენილი საარქივო საქმეები დროებით  სახელმწიფო არქივის შენობაში გადაიტანეს. საბოლოოდ, 1995 წელს, ხანძრის სშიშროების გამო, არიქივი სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „მოდულის“ შენობაში განთავსდა.

 1997 წელს დამტკიცდა კანონი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“, რის საფუზველზეც მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, არქივში დაცული დოკუმენტის შესახებ ცნობის სასამართლოში წარდგენით მოეთხოვათ თავიანთი ან გარდაცვლილი რეპრესირებული ახლობლების რეაბილიტაცია. ამ კანონის საფუძველზე, ცნობის ასაღებად სამმართველოს 30 ათასამდე რეპრესირებულთა ოჯახის წევრმა მიაკითხა.

 არქივით სარგებლობისთვის საარქივო სამმართველოში, ვაჟა-ფშაველას  #72-ში, წერილობოთი მიმართვა უნდა გაგზავნოთ და თქვენთვის სასრუველი ინფორმაცია გამოითხოვოთ. სამმართველოს თანამშრომელი ორი დღის ვადაში დაგიკავშირდებათ და გაცნობებთ, ინახება თუ არა მსგავსი ინფორმაცია არქივში. თუკი არსებობს, დაგინიშნავენ არქივში ვიზიტის დღეს. თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო წინაპრების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი. ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, სამმართველოს ოთახში გაეცნოს დოკუმენტებს ან მოითხოვოს ფოტოგრაფირებული ვერსია. მომსახურება და არქივთ სარგებლობა ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.

Leave a comment