პოტენციური დედები

– გამარჯობა

– სახელი, გვარი.

– მარგო  ჯაფარიძე.

– მარგო?

– მარგალიტა ჯაფარიძე.

დავთარში ინიშნავს. წითურია წითელპომადიანი, ხელზე სამი ოქროს ბეჭედი   უკეთია, ზოგან თვლიანი.

– ჩემი რიგი მალე იქნება?

– მერამდენე ბოთლი წყალი დალიე?

– ეს მეორეა.

– ეგეც დაცალე და გეყოფა. დალევიდან ერთი საათი რომ გავა, შესასვლელად მზად იქნები.

– მოიცა, ერთი საათი აქ უნდა ვიდგე?

– აჰ, რა ენაზე გითხრა კიდე? საჭმელი ჭამე?

– არა, ანალიზები გავიკეთე უზმოზე.

– ჰოდა, მანამდე ჩადი ქვემოთ, ხელმარცხნივ ბუფეტია, რამე უნდა ჭამო შესვლამდე.

გამოვბურდი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. ვიფიქრე, თავი რომ მოიკლა, თქვენს ბუფეტში მაინც არაფერს ვიყიდი-მეთქი. ისევ მომიბრუნდა:

– ისე უნდა მოგეფსას, რომ ტუალეტამდე ვერ ასწრებდე!

ჩემგან მარჯვნივ ჩამწკრივებულ ერთ-ერთ სკამზე ქალი ზის, წუხს. მეც შევწუხდი:

– ცუდად ხართ?

– გული მერევა.

– ზედმეტი წყალი დალიეთ?

– არა, ისე მერევა.

შემეცოდა, ნეტავ რა ჭირს? – ახლაღა მახსენდება, ექოსკოპიას ორსული ქალებიც რომ იკეთებენ.

ჩემგან მარცხნივ შვიდამდე მდედრი ზის. წითური რეგისტრატორი ისევ ექოსკოპიაზე ელაქლაქება და ახალშემოსულებს დერეფნისკენ უშვებს გასასეირნებლად, მოძრაობისას თირკმელები უკეთ მუშაობსო. ექოსკოპიის კაბინეტიდან ქალის ხმამარალი საუბარი ისმის.

– რა ხმაურია?

– გოგო მოაბრძანა დედამ, საზიზღარი. შემოვიდა როგორც ქალიშვილი და ექვსი კვირის ორსული აღმოჩნდა.

„ანწუნწუნდა“ ყველა:

–  რას აპირებს უბედური?

– რაც უნდა ის ქნას, წაიყვანოს დედამისმა და გაუკეთოს რაც უნდა, ჩვენ აქ თავს არავის დავაჭერინებთ. გააჩინოს და ვის რათ უნდა ის უბედური?! არა, ფეხები რო აუშვირა, ვის აუშვირა არ იცოდა?!

– შეყვარებული ჰყავს ალბათ ვიღაცა.

– ახლა მაგათ პარრტტნიორს ეძახიან. საზზიზღარი თავხხხედი, რა დღეში ჩააგდო დედა.. ქემაინც თქვი: „დედა, მაქვს სექქსი!“

ხალხს გოგო ეცოდება. ბჭობენ, თუმცა ერთმანეთს ვერ უტყდებიან, უნდა გაააჩინოს თუ არა ბავშვი.

– არადა ზოგი რას არ აკეთებს და მაინც არ უჩნდება, -არც დაფიქრებულა, ერთ-ერთმა თავი ისე უნებლიედ გაამჟღავნა სტატუსი,- რამდენი წლისაა?

– ოცდაოთხი. თოთხმეტი წლის გოგო ხო არაა, არ იცოდა, რას აკეთებდა?! მაგას მირჩევნია, თქვი: „დედა, მაქვს სექსი!“ ქემაინც გეცოდინება, რომ სამარცხვინო შვილი გყავს. დაუჯინია, ქალიშვილი ვარო. რომელი ღვთისმშობელი გამომივიდა?! სასწაული თუ გინდა.

ქალებს სიცილი აუტყდათ.

– ჰო, რა გაცინებთ, აქ ქალიშვილი ორსულები დადიან.

საკეტის ხმა რომ გაისმა, წითურთან ერთად ცნობისმოყვარე თავები ყველამ კარებისკენ მიაბრუნა. ოთახიდან ქალი გამოვიდა. მერე გოგო გამოჰყვა, ცრემლებს იწმენდდა, რაც შეიძლება თავჩაღუნული.

წითურმა თავი გადააქნია და დავთარს ჩახედა.

– ჯაფარიძე რომელია?

– მე.

– რას შვები?

– რა ვიცი.

– გადი, დერეფანში ისეირნე, დამჯდარი არ მუშაობს თირკმელები.

მაინც გამომაგდო. ცხვირზე ხელი მოვიჭირე, ბოთლში დარჩენილი წყალი გულისრევით დავლიე და უკან შევბრუნდი:

– მგონი, მზად ვარ.

– შედი მერე!

„დაორსულდა და დაორსულდა, მასეთები რამდენიც გინდა, იმდენი ხდება, მაგრამ ახალა იმათ სულ სექსის თვალით უნდა უყურონ ერთმანეთს.“- კაბინეტშიც მესმოდა წითურის შემზარავი ახალი ისტორიები.

ოთახიდან რომ გამოვედი, მომაშტერდა: თვალებში კითხვის ნიშნები ჰქონდა ჩახატული. მაინც მადლობა გადავუხადე ბედნიერმა, რომ არ ვარ „ღვთისმშობელი“ და მაქვს საშვილოსნო, ნორმალური ზომის, ფორმის, ოდნავ მარცხნივ გადახრილი.

Leave a comment