მინდვრიდან მაგიდამდე

მარგალიტა ჯაფარიძე

დავით გორგილაძე

ხილის კანფეტი „ჩუპა–ჩუპსი“, რომლის ძირითადი მომხმარებელები ბავშვები და ახალგაზრდები არიან,  E 330–სა და   E 270 ხელოვნურ დანამატს შეიცავს, რომელთაგან პირველი ჯანმრთელობისათვის საშიშ დანამატადაა ცნობილი, ხოლო მეორე – კიბოს გამომწვევად.   E 330 პროდუქტს დამჟავებისა და ფერის შეცვლისაგან იცავს, ხოლო – E 270 პროდუქტის შენახვის ვადას ახანგრძლივებს.

 სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდულია და მოხმარების დოზებია განსაზღვრული ნიტრატების გამოყენებაზე, რომელიც საკვებ დანამატთა სიაში E 250 და  E 252  კოდითაა ცნობილი.  ამ დანამატებს ევროპის კავშირის ქვეყნები კრძალავენ, ქართულ წარმოებაში კი, E 250 „შირნჰოფერის“, „ნიკორასა“ და სხვა ძეხვეულის საკვები დანამატია. E 250  ნატრიუმის ნიტრატი ძეხვეულს წითელ შეფერილობას ანიჭებს. ეს დანამატი, შესაძლოა, ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობის, ნერვული აშლილობების, მოწამვლის, ვიტამინების შემცირებისა და ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი გახდეს.

 საკვები დანამატების გამოყენებას  მსოფლიომ განსაკუთრებული ყურადღება ХХ საუკუნეში მიაქცია: 1953 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა საკვები დანამატების კლასიფიკაციისთვის შეიმუშავეს ნუმერაციის  სისტემა. მას შემდეგ ყველა საკვებ დანამატს საკუთარი საერთაშორისო ნომერი გააჩნია, რომელიც “E” –ზე იწყება.

 საქართველოში აკრძალულ 5 საკვებდანამატებს შორის ორი საღებავია –  E121 და E123. მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საღებავებიდან E102, E105, E107, E110, E111, E120, E124, E126, E128,  E142, E150 დანამატია აკრძალული.

 საქართველოში აკრძალულ 5 საკვები დანამატის  (E121, E123, E240, E924 b) აკრძალვაც კი, მხოლოდ ქაღალდზე რჩება: საკვებდანამატების ლაბორატორიული კვლევის მეთოდი არ გამოიყენება,  რადგან, როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, საქართველოში ჯერ–ჯერობით არ არის შესაბამისი ლაბორატორია.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2010 წელს სურსათის უვნებლობის შესახებ მოვაჭრეთა, მწარმოებელთა და მომხმარებელთა შეხედულებების კვლევა ჩაატარა თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში. სულ შვიდი ფოკუსჯგუფის ანალიზის შედეგად დაასკვნეს, რომ მომხმარებლებს უჭირთ, განსაზღვრონ სურსათის უვნებლობა და ჰიგიენა, რძის და ხორცის პროდუქტებზე არჩევანს ძირითადად აკეთებენ ნდობიდან გამომდინარე, ეს შესაძლოა, იყოს ნდობა ბრენდის მიმართ, ან კონკრეტული მოვაჭრის და თუნდაც გამყიდველის მიმართ. მომხმარებლებს ასევე არ აქვთ ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ და არ იციან, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი პროდუქტის უვნებლობაზე. მოვაჭრეების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია რომელიმე კანონის, კანონპროექტის, სამართლებრივი აქტის ან ნორმის შესახებ, რომელიც კვების პროდუქტების უვნებლობასა და ჰიგიენურ ნორმებს ეხება. მწარმოებლებს მეტწილად გათვითცნობიერებული აქვთ თავიანთი პასუხისმგებლობა და ორიენტირებულნი არიან მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და რომ ჯერ-ჯერობით არ არსებობს კარგად ჩამოყალიბებული მექანიზმი მომხმარებლების პრეტენზიებზე რეაგირებისთვის.

კითხვაზე, თუ რას აქცევენ ძირითადად ყურადღებას პროდუქტის ყიდვისას, მაღალშემოსავლიანი მოსახლეობა პასუხობდა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო შეფუთვა, ხოლო დაბალშემოსავლიანები ამბობდნენ, რომ მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა გემოსა და ხარისხს, ტერიტორიის მიხედვით სოფლის მოსახლეობისთვის პროდუქტის ყიდვისას გადამწყვეტი აღმოჩნდა ხარისხი და პროდუქტის სისუფთავე, ახალციხის მოსახლეობისთვის კი ფასი და ის პიროვნება, ვისგანაც პროდუქტს ყიდულობდნენ. თბილისის მოსახლეობიდან არავინ ითხოვდა სერტფიკატს პროდუქტის ყიდვისას, ხოლო ახალციხის მოსახლეობიდან ზოგიერთმა არც კი იცოდა, რომ შეეძლო, მოეთხოვა პროდუქტის ვარგისიანობის დამადასტურებელი საბუთი. მომხმარებლები უკაყოფილებას გამოხატავდნენ  სურსათის უვნებლობის სამსახურის მიმართ.

 არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორის გამჭვირვალობა საქართველოს“ 2009 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო დამოკუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებიდან სურსათის კონტროლის მხრივ, სავალალო მდგომარეობაში იმყოფება: „სახელმწიფო, როგორც ინსტიტუტი, რომელსაც ფიზიკური ინფრასტრუქტურის ორგანიზება, წარმოების მონიტორინგისთვის მონაცემების გამოყენება და სანიტარული ნორმების დაწესება შეუძლია, თითქმის მთლიანად გაქრა სურსათის სექტორიდან. მომხმარებელი საკუთარი თავის იმედად დარჩა.“

 საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე დაწყებული მოლაპარაკებების შემდეგ სურსათის უვნებლობის სისტემის დასანერგად საქართველოს რეკომენდაციები მიეცა, რის საფუძველზეც 2005 წელს დამტკიცდა „კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის“  შესახებ.

კანონმა ახალი მიდგომა დაამკვიდრა. ამ მიდგომის ფარგლებში ყურადღება ფოკუსირებულია არა საბოლოო პროდუქტის შემოწმებაზე, არამედ წარმოების პროცესზე და საფრთხეების ადრეულ გამოვლენასა და პრევენციაზე. დამკვიდრდა ინტეგრირებული ტერმინი „ფერმიდან სუფრამდე“,რის შედეგადაც აქცენტი კეთდება მთლიანი პროცესის კონტროლზე და არა საბოლოო პროდუქტის სერტიფიცირებაზე. მიდგომას საფუძვლად უდევს საფრთხის ანალიზისა და საკონტროლო კრიტკული წერტილების სისტემა (HACCP). საკვების უვნებლობის ეს სისტემა ფართოდ არის გავრცელებული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში და გულისხმობს კონტროლის მექანიზმების შექმნას სურსათის წარმოებისა და მომზადების თითოეულ ეტაპზე, მათ შორის დაფასოებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.

მოგვიანებით მიღებული შესწორებების შედეგად სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ კანონის საკვანძო მუხლების მოქმედება შეაჩერეს, რამაც კანონი, ფაქტობრივად, გამოუსადეგარი გახადა.

2011 წლის 3 იანვრიდან კანონი სურსათის უვნებლობისა ხარისხის შესახებ ყველა საკანონმდებლო მუხლით შევიდა ძალაში, რაც მწარმოებლების მიმართ კანონით განსაზღვრული ყველა სანქციის განხორციელების საშუალებას იძლევა. კანონის მიხედივთ, სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფლება ეძლევა, განახორციელოს მონიტორნიგი საწარმოებში, წარმოებული პროდუქციის სტანდარტებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მეწარმეს ეძლევა გაფრთხილება, ხოლო დარღვევის კვლავ აღმოჩენის შემთხვევაში, ჩამოერთმევა ლიცენზია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესასთან და საზოგადეობასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის, ვერიკო გულიას, თქმით, წელს სულ ორასი საწარმო მოწმდება. მისივე თქმით, მართლია, საქართველოში არ არსებობს ყველა საკვები დანამატის კვლევისათვის საჭირო ტექნოლოგია, მაგრამ შესაძლებელია ნიმუშის საზღვარგარეთ გადაგზავნაც, თუკი პროდუქტის უვნებლობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვი იარსებებს.

ტოქსიკოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარის, შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელძღვანელის, მედიცინის დოქტორის, ინგა ღვინერიას, თქმით, პროდუქციის საკვლევად გაგზავნა საუკეთესო გამოსავალი არ არის, რადგან ეს ხანგრძლივ პროცედურას გულისხმობს, ამ ხნის განმავლობაში კი შესაძლოა, ბევრი მომხმარებელი დაზარალდეს. იგი ადასტურებს, რომ ქართულ ბაზარზე დღესდღეობით ჯანმრთელობისათვის სახიფათო მრავალფეროვანი პროდუქცია გვხვდება, რომლის შემოწმება ვერ ხერხდება: „ერთია პროდუქციის მიკრობიოლოგიური კველავა, რამდენად ვარგისია, მომწამლავია, შეიცავს თუ არა პროდუქტი მომწამვლელ მიკრობებს, მაგრამ მეორეა – მისი ქიმიური შემადგენლობის კვლევა. საქართველოში ძირითადად მიკრობიოლოგიური კვლევა უტარდება პროდუქტებს, ქიმიური კვლევა კი ვერ ხერხდება, რადგან არ არსებობს შესაბამისი ლაბორატორიები. ქიმიური დანამატები არ იწვევს ადამიანის პირდაპირი გაგებით მოწამვლას, მაგრამ ქიმიური საკვები დანამატები დიდი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას გრძელვადიან პერსპექტივაში. მას შეუძლია ადამიანისათვის სასიკვდილო დაავადებების გამოწვევა, აქიდან გამომდინარე, მკაცრი კონტროლის არსებობა ქიმიურ დანამატებზე  საჭირო და აუცილებელია“. მისივე თქმით, საქართველოში აკრძალული ხუთი საკვები დანამატი საკვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის და აკრძალული დანამატების რიცხვი აუცილებლად უნდა გაიზარდოს.

 იმავე მოსაზრებისაა „საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე“ მადონა კოიძე და ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული დანამატებით წარმოებულ პროდუქტებს არ აქვს მითითებული ეტიკეტზე, რომ რომელიმე აკრძალულ დანამატს შეიცავს, ამიტომ მათი სრული ბიო-ქიმიური კვლევა აუცილებელია. კოიძე კანონმდებლობაში ხარვეზებსაც ხედავს. მისი თქმით, ადრე თუკი უკმაყოფილო მომხმარებელი მოწამვლის ან საკვები პროდუქტების არასრულფასოვნებასთან დაკავშირებით სურსათის უვნებლობის სააგენოტს ცხელი ხაზით ატყობინებდა, ეს მექანიზმი ახალი კანონმდებლობით განსაზღვრული აღარ არის: „მომხმარებელი თუ მოიწამლა, ჯერ უნდა მიმართოს სამკურნალო დაწესებულებას, სამკურნალო დაწესებულებამ დაავადებათა კონრტოლის ეროვნულ ცენტრს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა გადაუგზავნოს ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოახდინოს რეაგირება სურსათის უნვებლობის სააგენტომ. სანამ ყველა ეს პროცედურა ჩატარდება და შესაბამისი რეაგირება მოხდება, წარმოგიდგენიათ, რამდენი მომხმარებელი შეიძლება, დაზარალდეს?! ამას ნამდვილად ვერ დავეთანხმები. სურსათის უვნებლობის სამსახურს უნდა ჰქონდეს სწრაფი რეაგირების საშუალება.“

 რაც შეეხება იმპორტირებული პროდუქციის შემოწმებას, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის, ვერიკო გულუას, თქმით, სურსათის უვნებლონის კონტროლი მეწარმესა და იმპორტიორს ეკისრება, მისი სრული მიკრობიოლოგიურ-ქიმიურ გამოკვლევას კი ქართული მხარე არ ატარებს, საქართველოში შემოდის მხოლოდ იმ დანამატების შემცველი პროდუქცია, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.

ვერიკო გულუა აღნიშნავს, რომ პროდუქციის სრული კონტროლი წარმოუდგენელია და ამას მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ მომხმარებელი თავადაც უნდა იყოს ფრთხილად: სწორად არ მიმაჩნია, როდესაც მომხმარებელი შედის მაღაზიაში, მოდის სახლში და აღმოჩენს რომ ვადაგასულია შენაძენი და მერე რეკავს ჩვენთან. მეტი ყურადღება მართებს, ადგილზე უნდა ნახოს შენახვის პირობები და ვადა. სურსათის ეროვნული სამსახურის ფუნქცია არ არის რეკომენდაციები გაუწიოს მოსახლეობას რა ჭამოს და რა – არა.“

Leave a comment