სამუშაოს მაძიებლები, როგორც ინტერნეტ დიასახლისები

თიკო ცერცვაძე

მარგალიტა ჯაფარიძე

ოცი წლის ხატია ინტერნეტით სამუშაოს ყოველ დღე ეძებს. მისთვის ვირტუალური სივრცე სამსახურის მოძებნის ერთ-ერთი რეალური გზაა, თუმცა ფიქრობს, რომ საქართველოში არც ესაა იოლი.

„გამოცხადებული ვაკანსია ხშირად მხოლოდ სარეკლამო აქციაა, ან უბრალოდ აუცილებლად შესასრულებელი ვალდებულება. CV–ს უამრავ მისამართზე ვაგზავნი, მათ შორის სარეკლამო სააგენტოსა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაშიც, რადგანაც უშუალოდ ჩემს პროფესიასთან, ანუ ჟურნალისტიკასთან დაკავშირებული ვაკანსიები იშვიათობაა. ზოგჯერ დამქირავებლის მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებ“, – ამბობს ხატია.

რამდენიმეჯერ სამსახურის შოვნის ბოლო ეტაპამდე, ანუ გასაუბრებამდე მივიდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ გაუმართლა. მიიჩნევს, რომ საქართველოში ინტერნეტით დასაქმების კულტურა კარგად განვითარებული არ არის: „ძალიან მარტივი და აუცილებელია, თითოეულ აპლიკანტს საპასუხო წერილი მისწერონ და აცნობონ, რომ მისი აპლიკაცია მიღებულია.  ხშირად აღმოჩენილა, რომ გასაუბრებაზე დავუბარებივართ, მაგრამ მსგავსი წერილი ჩემს ფოსტაზე არ მოსულა“, – განმარტავს ხატია და დამქირავებელთა ზოგიერთ მოთხოვნასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას არ მალავს: „ზოგჯერ მოთხოვნები არარეალურია: მინების მწმენდავად ეძებენ ოცდაათ წლამდე გოგონას, რომელმაც ორი უცხო ენა უნდა იცოდეს. ეს ძალიან სასაცილოდ მეჩვენება“.

დამქირავებელთა მოთხოვნებს ინტერნეტ–საიტი ჯობს.გე (www.jobs.ge) არ არეგულირებს. როგორც ვებ–გვერდის დამფუძნებელი და დირექტორი, ლექსო ხუბულავა აცხადებს, მათი მხრიდან განცხადების შინაარსობრივი მხარე მხოლოდ მაშინ რეგულირდება, როცა მასში გარკვეული სახის დისკრიმინაციული მოთხოვნებია ჩადებული: „ჩვენი ადრინდელი პოლიტიკის მიხედვით, საიტზე სქესისა და ასაკის მიხედვით დაყოფილ მოთხოვნებს არ ვაქვეყნებდით. ვფიქრობთ, რომ ეს დისკრიმინაციაა და ამას კანონმდებლობაც კრძალავს, თუმცა მეორე მხრივ, აქაც შეიძლება დავინახოთ გარკვეული სპეციფიურობა, მაგალითად: ბორტგამცილებლის პოზიციაზე ორმოცი წლის ქალბატონს ვერ დაასაქმებ, მაგრამ ბუღალტრის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნა დისკრიმინაცია იქნებოდა“, – ამბობს ხუბულავა.

დასაქმების ვებ–გვერდი, რომელსაც სამუშაო დღეებში საშუალოდ 250 ათასი ადამიანი სტუმრობს, საქართველოში 1998 წლიდან არსებობს. ინტერნეტ–პორტალი ჯობს.გე, ბიზნესის წყაროდ 2004 წლიდან ჩამოყალიბდა. საიტის მომზადებასა და ფუნქციონირებას მხოლოდ ოთხი ადამიანი უზრუნველყოფს. საიტზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში 690 ათასამდე ვიზიტორი შევიდა, რომლებმაც ოთხ მილიონზე მეტი გვერდი დაათვალიერეს.

„დასაქმების საიტი დამქირავებლისთვის ბუნებრივ ფილტრს წარმოადგენს. დამქირავებლებს ხშირად ურჩევნიათ, რომ გარკვეულმა სეგმენტმა ნახოს მათი განცხადება. მაგალითად, თუ მათ ინგლისურისა და კომპიუტერის მცოდნე ბუღალტერი სჭირდებათ, მათთვის მომგებიანია, რომ სწორედ ვებ–საიტზე გამოაქვეყნონ განცხადება, ვინაიდან ის ბუღალტერი, რომელიც ინტერნეტში ნახავს ამ შემოთავაზებას, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მას კომპიუტერის გამოყენება (გარკვეულ დონეზე) შეუძლია“, – ამბობს ლექსო ხუბულავა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე დასაქმებულია, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ლალი სამსახურს მაინც ეძებს. ამბობს, რომ ინტერნეტით ძირითადად ტრენინგებზე ან მოკლევადიან  სამუშაოზე არსებული ვაკანსიები მოსწონს და ასე დასაქმება უფრო რეალურადაც მიაჩნია:

„ინტერნეტით ნაშოვნი სამსახური უფრო უკეთესია, იმდენად, რამდენადაც შენ ზუსტად იცი, რომ ის ხარ, ვისაც ეძებენ, ნაცნობი არ ხარ, მეგობარი არ ხარ მათი და არც არავის რეკომენდაციით არ მისულხარ. წაიკითხე მათი მოთხოვნები, ჩათვალე, რომ აკმაყოფილებ, მიხვედი და იმათაც თუ ასევე ჩათვალეს და აგიყვანენ, ძალიან მაგარია“.

ინტერნეტი კადრების მოძიების ძირითადი საშუალებაა „პე–ეს–პე ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსისთვისაც. მაია რობაქიძის თქმით, 2011 წელს მათ ინტერნეტში უკვე  ოცდაერთი ვაკანსია განათავსეს.
„ფაქტობრივად, კომპანიის მიერ გამოცხადებული არც ერთი ვაკანსია არ გამოცხადებულა ინტერნეტის გარეშე. ნებისმიერი საშუალო დონის მენეჯერის ან სპეციალისტის შერჩევისას ყოველთვის ინტერნეტს ვიყენებთ, ანუ ვირჩევ ისეთ კადრს, რომელიც მინდა და საჭიროა. ეს ძალიან ეფექტურია“, – ამბობს მაია რობაქიძე.

სამუშაოს მაძიებლები, დამქირავებლები და მათი მედიატორები ერთხმად ამბობენ, რომ არსებობს ისეთი ვაკანტური სამუშაო პოზიციები, რომელთა შესახებ განცხადებები ინტერნეტში თითქმის არ ხვდება. დამქირავებლებს ურჩევნიათ მსგავსი კადრები საკუთარი რესურსებით მონახონ. „პე–ეს–პე“-ს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, მაია რობაქიძე ამბობს, რომ მაღალი რანგის მენეჯერების მოსაძებნად ინტერნეტს იშვიათად მიმართავენ: „მსგავსი კადრები ასე შემთხვევით თითქმის არ აგზავნიან CV–ს უცხო კომპანიაში. ძირითადად მაღალანაზღაურებად პირებს რეკომენდაციებით ირჩევენ, ან მათი სხვა კომპანიებიდან მოლაპარაკების გზით გადმობირება ხდება“, – განმარტავს რობაქიძე.

სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დასაქმდა ჯობს.გე–ს დახმარებით, მის დირექტორს, ლექსო ხუბულავას არ გააჩნია. საიტის ეფექტურობის ხარისხი კი იმით იზომება, თუ რამდენი ადამიანი სტუმრობს ყოველდღიურად ვებ–საიტს და იზრდება თუ არა დამქირავებლების რიცხვი. ლექსო ხუბულავას თქმით, ერთგული და მუდმივი კლიენტების გარდა, საიტზე განცხადებებს ხშირად სახელმწიფო დაწესებულებები და ახალი კერძო კომპანიებიც ათავსებენ. ხუბულავა ამბობს, რომ დროთა განმავლობაში, ბიზნეს გარემოს განვითარების შედეგად, ინტერნეტი დასაქმების სფეროში უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს:

„ჩვენი ძირითად კლიენტებს კერძო კომპანიები წარმოადგენენ, რადგანაც ისინი ყველაზე მეტად არიან ორიენტირებულნი შემოსავალზე. მათ ურჩევნიათ, დაასაქმონ კვალიფიციური კადრი, რომელიც კომპანიას მეტ შემოსავალს შემოუტანს, ვიდრე საკუთარი ბიძაშვილი, რომელმაც შესაძლოა საქმე გააფუჭოს.“

ჯობს.გე -ს დამფუძნებელი და დირექტორი , ლექსო ხუბულავა

Leave a comment