მოაშორეთ „The”, იყოს უბრალოდ „Facebook”, ასე უფრო ნათელია…

ელენე ხაჭაპურიძე

მარიამ ნიკურაძე

ორი მარტივი სიტყვის – სახის (face) და წიგნის (book) – ასევე მარტივი სიტყვათშეთანხმებაა ის სოციალური ქსელი, რომელიც ნახევარ მილიარდზე მეტ ადამიანს აერთიანებს. მისი შემქმნელი მარკ ცუკერბერგია,  2010 წლის ადამიანად წოდებული, რომელმაც 26 წლისამ საკუთარ თავზე ფილმის ნახვაც შეძლო და რამდენიმე მილიარდიანი კაპიტალის დაგროვებაც.

მომხმარებელთა რაოდენობით „facebook”-ი ლიდერია სხვა სოციალურ ქსელებთან მიმართებაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2010 წლის აპრილის მონაცემებით, „facebook”-ს 340,800 მომხმარებელი ჰყავს.  მის რეიტინგს სწორედ მომხმარებლები ქმნიან, რომელთა ცხოვრებაში მარკ ცუკერბერგის გამოგონებას სხვადასხვა ადგილი და ისტორია აქვს.

უარი, მხოლოდ 24 საათით.

20 წლის ანა გოგოლაძემ თანდათან აღმოაჩინა, რომ სოციალურ ქსელს მიეჯაჭვა. დილით ლექციისა ან მნიშვნელოვანი შეხვედრის შემთვევაშიც კი, სადაც დაგვიანება გამორიცხულია, სახლიდან ისე არ გავიდოდა, საკუთარ გვერდზე რომ არ შესულიყო. შესვლასთან ერთად დროც ჩერდება: „ბუნებრივად დროს რა გააჩერებს, მაგრამ ჩემთვის ფეისბუქის ერთი საათი ერთი წუთივით არის, ვერ აღვიქვამ.“

 „ოდნოკლასნიკების“ ხანაში დარეგისტრირდა. მაშინ, როცა ფეისბუქზე ქართველ მომხმარებელს იშვიათად თუ ნახავდით. ნაბიჯ-ნაბიჯ მარკ ცუკერბერგის გამოგონება პოპულარული გახდა. ამის პროპორციულად ანას ექაუნთს მეგობრებიც ემატებოდა.

ბევრი მეგობარი კი საინტერესო „news feed” -ის გარანტია, რასაც, როგორც წესი, ბევრი კომენტარი და კიბერ ინტერაქცია მოჰყვება: „გეკარგება შეგრძება, რომ სახლში ხარ, ისიც შეიძლება, ვთქვა, რომ სახლიდან გაუსვლელად ვიღებ იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე – პირიქით.“

თვლის, რომ სოციალურ ქსელს მრავალი დადებითი მხარე აქვს. უპირველესად კი, ინფორმაციის წყაროდ მოიაზრებს: „თავისუფალი სივრცეა დისკუსიისთვის და ინფორმაციის გაცვლისთვის, განსხვავებული აზრის გასაგებად და ადამიანებთან საერთოს ინტერესების აღმოჩენაშიც გეხმარება.“

მიუხედავად ამისა,  ანამ მაინც გადაწყვიტა მისგან „თავის დაღწევა“. ზუსტად ასე ამბობს, რადგან ხელს უშლიდა – დროის ძალიან დიდ ნაწილს უთმობდა და ვერ ასრულებდა ვერც მისთვის სავალდებულო და ვერც სასიამოვნო საქმიანობას.

„ბევრჯერ მსაყვედურობდნენ იმის გამო, რომ ჯგუფელებთან ერთად დავალების შესრულებისას დედლაინებს ვაშორებდი და სამუშაოს ხარისხიანად არ ვაკეთებდი. სულ იქ მინდოდა ვყოფილიყავი და გულს ვერაფერს ვუდებდი.“ ვერც ფილმებს უყურებდა ნორმალურად „ერთხელ ორსაათიან ფილმს 8 საათის განმავლობაში ვუყურე, იმიტომ, რომ გამუდმებით ვაპაუზებდი და ამ დროს, აბა, თუ მიხვდებით, სად შევდიოდი… ფილმიც არ იყო დიდად საინტერესო, მაგრამ 8 საათი ძალიან ბევრია.“

გააუქმა, მაგრამ 24 საათსაც ვერ გაძლო. არ იცოდა, რისთვის გამოეყენებინა ინტერნეტი, თუმცა  მაინც კომპიუტერთან იჯდა. ერთ საათში მოუნდა დაბრუნება, მაგრამ „შემრცხვა, რამდენად უნებისყოფო უნდა იყო ადამიანი, რომ საკუთარ თავს უარი ერთ საათზე მეტი დროის მანძილზე ვერ უთხრა.“ ერთ საათსაც მოერია და მეტსაც, მაგრამ ერთ დღეზე მეტხანს ვერ გაძლო. დღესაც აქტიური მომხმარებელია და შეეგუა იმას, რომ ჯერ „facebook”-ის დრო არ წასულა.

პრინციპული არა  „facebook”-ს

თამარ ფოლადაშვილი, ისეთივე დამოკიდებული იყო სოცილურ ქსელზე, როგორც ანი: „ როგორც იცი, რომ საღამოს სახლში უნდა დაბრუნდე მთელი დღის შედეგ, ასევე ვიყავი facebook-ის მიმართ, აუცილებლად ვამოწმები და მაინტერესებდა, რა ხდებოდა.“

შეუცვალა ცხოვრების რეჟიმი, ღამეები გვერდის და-refresh-ებაში ცდებოდა და თანდათან ჩამოყალიბდა გვერდის გასაუქმებლად: „არ მინდოდა, რაღაცაზე დამოკიდებული ვყოფილიყავი, ამას დაემატა საბაკალავრო ნაშრომის მომზადება, რომელიც ბევრ დროს მოითხოვდა და გავაუქმე.“

თავიდან ძალიან გაუჭირდა. რამდენჯერმე ავტომატურად ჩართო, თუმცა დღეს მისთვის უფეიბუქობა კომფორტადაც კი იქცა: „ ბევრი უარყოფითი ენერგიის წყარო იყო. ადამიანები თავიანთ ნეგატიურ განწყობების თავზე მოხვევას ცდილობდენ. დღეს ეს პრობლემა აღარ მაქვს, არც ინფორმაციის ნაკლებობს განვიცდი. შევდივარ საიტებზე, რომლებზეც ისედაც შევდიოდი და ვიცი, რა სიახლეებია.“

თითქმის 2 თვეა გაუქმებული აქვს და ზუსტად არ იცის, დაბრუნდება თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ თავდად გააუქმა, თვლის, რომ ეს სოციალური ქსელი აქტუალურობას არ დააკარგავს:  „პირიქით, უფრო ძლიერდება მისი გავლენა, რადგან ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელოვანი საშუალებაა. სადაც ინფორმაციაა, ის სივრცე ყოველთვის აქტუალურია.“

მომაბეზრებელი სივრცე

ბესო გვენეტაძე სტუდენტია, მომავლი იურისტი. ფეისბუქი არასდროს ჰქონია, თუმცა მაინც მობეზრდა: „ამოვიდა რა ყელში უკვე. ფეისბუქი, ფეისბუქი, ფეისბუქი, ფეისბუქი. what a joke. დანარჩენებმა ტვინი წაიღეს ფეისბუქური ისტორიებით.“

კიბერ სივრცეში საკმაოდ აქტიურია. აქვს ტვიტერი – როგორც თავად ამბობს, ფეხბურთისა და საყვარელი გუნდების გამო. თან უფრო მარტივია მისთვის. “ არც დალაიქებას გთხოვს ვინმე, არც ახალი სურათების ატვირთვის ”ვალდებულება” გაქვს. „Just perfect“! ბლოგზეც წერს, თუმცა აქტიური ბლოგერი არ არის.

ბესოსთვის ფეისბუქის აქტუალურობა პირდაპირ კავშირშია იმ ადამიანთა რაოდენობასთან, ვინც უსახურად ცხოვრობს. „Fakebook-ზე ყველა მაგარი ტიპია და რეალობაში მაინცდამაინც ვერ არიან ისეთები, როგორებიც უნდათ რომ იყვნენ. იქ ამის საშუალება აქვთ, რომ თავისი პიროვნება ”გააკეთონ.“

     ინფორმაციის სწრაფი გავრცელება, ის მოტივია, რომელიც სხვა მომხმარებლებს ამ სივრცეში აკავებს, მომავალ იურისტს ეს სულაც არ ადარდებს.  ახალ ამბავს ყოველთვის იგებს. უფეისბუქობის გამო, შეიძლება, ცოტა გვიან, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, „ეგ არაფერი.“

იდეალური საკომუნიკაციო სივრცე

ფსიქოლოგი ნოდარ ბელქანია ოცდამეერთე საუკუნეს კომუნიკაციის ეპოქას უწოდებს. კომუნიკაცია კი ადამიანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. აქიდან გამომდინარე, ფეისბუქი აქტუალურია, როგორც ინტერნეტ ურთიერთობის ბოლო სიტყვა: „ადრე თუ შეგეძლო, მხოლოდ შენ ახლოს მყოფთან გქონოდა ურთიერთობა, დღეს საზღვრები მოშლილია; ჩვენ შეგვიძლია, ვიმეგობროთ ავსტრალიელთან ან გერმანელთან.  ეს დამოკიდებულია ჩვენ პიროვნულ მსგავსებასა და საერთო ინტერესებზე.“

ნოდარ ბელქანია ამბობს, რომ ფეისბუქის მთავარ ხიბლს საკუთარი თავის   ჩვენთვის სასურველ პიროვნებად კონსტრუირების შესაძლებობა წარმოადგენს: „ერთი ასპექტით ნაცნობებთან ურთიერთობა ჩვენთვის საინტერესოა, მაგრამ, მეორეს მხრივ, უცნობებთან ურთიერთობაც შეიძლება, იყოს გაცილებით საინტერესო. მის გონებაში   არ არსებობს ხატი შენთან დაკავშირებით და თავსაც გაცილებით თავისუფლად გრძნობ. თუ დაკვირვებიხართ, ადამიანმა შეიძლება, ერთ გარემოცვაში გენიალური აზრები განავითაროს და მეორეში მინიმუმის ჩვენებაც ვერ შეძლოს. ამას ჰქვია იდეალური საკომუნიკაციო სივრცე და ფეისბუქი თავისუფლად შეიძლება, იქცეს ამ სივრცედ.“

დადებითი მხარეების გარდა, სოციალური ქსელის და ინტერნეტ სივრცის პოპულარობა სააფრთხეებსაც გულისხმობს. ფსიქოლოგი ასეთ ფორმულირებას პოულობს: „ საფრთხეც ის არის, არც მისი დადებითი მხარეა” საშიშროება იმისა, რომ ვირტუალური ინტერაქციის ხარჯზე ნამდვილი ურთიერთობების დეფიციტი გაჩნდეს.“ თუმცა, როგორც ფსიქოლოგს, ძნელად წარმოუდგენია, რომ უშუალო ურთიერთობების აუცილებლობა ადამიანებში ბოლომდე გაქრეს.

 ასევე საფრთხეს წარმოადგენს ფეისბუქზე და ზოგადად ინტერნეტზე დამოკიდებულების ფენომენიც, რომელიც, ფსიქოლოგის აზრით, სავსებით შეიძლება, განვიხილოთ ისეთივე სიმძაფრით, როგორადაც  აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულებას განვიხილავთ.  „თუ თქვენ  ურთიერთობის ასეთი ფორმა შეგიყვარდათ, სხვა ფორმა შესაძლებელია, მიმზიდველი აღარ იყოს.“

დადებითი და უარყოფითი მხარეების დასაბალანსებლად ზომიერების გრძნობამ არ უნდა გვიღალატოს. ბატონი ნოდარი ამბობს, რომ ბევრი წყალიც შეიძლება, მავნებელი იყოს. ამიტომ ადამიანმა თავად უნდა დაარეგულიროს, დრო, რომელსაც კიბერ სივრცეში დახარჯავს.

Leave a comment