აქ ეწევიან!

დავით გორგილაძე

დედაჩემი: მამაშენი აუცილებლად მოგკლავს ეს რომ გააკეთო.

მე: მამაჩემი აუცილებლად მომკლავს ეს რომ გავაკეთო, უსივდილოდ მომკლავს, ვერ გადავურჩები, არ არსებობს. არა, კი არ მომკლავს, უფრო სწორად როგორ არ მომკლავს, მაგრამ სანამ მომკლავს ჯერ ტყავს გამაძრობს, ნელ-ნელა, აუღელვებლად და აუჩქარებლად. ვინ იცის იქნებ მარილიც შემომაყაროს?! – ვფიქრობდი.


მართალი გითხრათ, მამაჩემს არ შეუძლია ცოცხალი არსება მოკლას. არათუ ადამიანს, ქათამასაც კი ვერ დაკლავს. ზურაბი ექიმია და საექიმო პრინციპების კაცი. ის, ვისაც მისი „დაქირავება“ უცდია ქათმის ჯალათის პოსტზე, ექიმი ზურაბი შემდეგი არგუმენტით ისტუმრებს: არ შემიძლია თავი მოვაჭრა, ვიცი რომ უკავ ვეღარ მივაკერებ, ან თუ მივაკერებ, ვეღარ გავაცოცხლებ, პროფესიული ამბავია“. ამ სიტყვებს დეკლამირებას დაასრულებს თუ არა, ხელს ჩაიქნევს და სასაკლაოს სუნით გაჟღენთილ ადგილს უყოყმანოდ გაეცლება. თუმცა ვეგეტერიანელი არ არის, იგივე ქათამი, რომლის მოკვლაზეც მტკიცე უარი განაცხადა, შემწვარ-შეკაზმული სუფრაზე რომ მიართვათ, სიამოვნებით გეახლებათ. ჰოდა მიუხედავად ზურა ექიმის ასეთი ჰუმანურობისა და ყოველივე ცოცხალის გაფრთხილებისა, ბავშვობაში მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ თუკი მე ან ჩემი ძმა სიგარეტს გავეკარებოდით, მამა აუცილებლად მოგვკლავდა. მანამდე კი ტყავს გაგვაძრობდა, მერე კი . . . მოკლედ, როგორც არის.  ამ „სასიამოვნო ცნობას“ დედა და ბებია დაუზარლად გვაწვდიდნენ როგორც კი სიგარეტიანი კაცი გამოჩნდებოდა ასი მეტრის რადიუსში. ღმერთს დაეფარა სიგარეტიანი მოზარდი დაგვენახა ქუჩაში ან ტელევიზორში. მტრისას, მტრისას! იმ დროს რომ ჯორჯ ორუელზე, „1984“-სა და მის ვირტუალურ პერსონაჟზე რაიმე მსმენოდა, მამაჩემს აუცილებლად შევარქმევდი „დიდ ძმას“, რადგანაც სახლში მეუბნებოდნენ, რომ სულ უჩუმრად რომ მომეწია – მაინც დამინახავდა. საიდან? როგორ? – არასოდეს მიკითხავს.

ამ მკაცრი რეჟიმის დროს მე და ჩემი უფროსი ძმა – ვახო მაინც ვდისიდენტობდით, ოღონდ იოლ ფორმებში. ხომ არსებობს მცირე ბიზნესი ან ხომ არსებობენ მცირე მეწარმეები? – ჩვენ ვიყავით მცირე დისიდენტები. ჩვენი დისიდენტობა კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ქაღალდებს ვეწეოდით. ხალხი გაზეთებს კითხულობდა, დედაჩემი საკონტროლოს რვეულებს ასწორებდა, მამაჩემი ფურცლებზე დანიშნულებებსა და რეცეპტებს წერდა. ჩვენ ამ ყველაფერს ვეწეოდით. ბუნებრივია უკიდურესი სიფრთხილის ნორმებს ვიჩენდით: ოთახის საყოველთაო განიავება, ფერფლის კვალის წაშლა, ტანსაცმლის განიავება, კბილების გამოხეხვა და ბოლოს – ხელთ ბანვა.

უბანში, ბიჭებს რადიკალურ დისიდენტური ფრთა ჰქონდათ ჩამოყალიბებული თავისი ოფისითა (ბაგა-ბაღის შენობის სარდაფი) და ინვენტარით (ნამდვილი სიგარეტი, ხელთათმანები, რათა სიგარეტის სუნი არ აეღოთ და ა.შ) მე ამ რადიკალურ ფრთას ვერასოდეს შევუერთდი, გამბედაობა არ მეყო, მაგრამ უნდა ვაღიარო ძალიან მიტაცებდა მათი „საქმიანობა“.

მახსოვს პირველი კოცნა (რომელიც ჰგავდა 30-იანი წლების ჰოლივუდური ფილმების კოცნას, გაშეშებული სახეებით, მოკრძალებითა და მორცხვობით), მახსოვს პირველი ქალი (რომელიც ჰგავდა ზვიგენს სტივენ სპილბერგის ფილმიდან „ყბები“), მახსოვს პირველი ღვინით თრობა (როცა ჩემი ბავშვობის მეგობარმა თამუნა ხიდეშელმა პლეხანოვზე, გაჩერებასთან ხეზე მიყუდებული „აღმომაჩინა“ და სახლში წამიყვანა, სახლამდე კი სამარშრუტო ტაქსიში უცნობი ქალბატონის კალთაში დამაბინავა) და მაშინ როცა ეს ყველაფერი მახსოვს, რა გასაკვირია რომ პირველი ღერი სიგარეტი მახსოვდეს?

ზაფხული. ქუბულეთი. მე და ირაკლი ისაკაძე პირველად ვეწვიეთ სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატს ინტელექტუალურ თამაშებში. უფრო ზუსტად კი პირველად გავილაღეთ ჩვენს ნებაზე. სადაც გვინდა დავდივართ, ფულიც გვაქვს (ბოლო დღეს კი გამოგველია, როცა კაფეში კატლეტი კარტოფილის პიურეს გარნირით უკვე მოგვართვეს, თითო-თითო ლუკმაც გეახელით, თან გონებაში დავიანგარიშეთ და ერთხმად შევძახეთ: დაგვერხა! მერე მე ფულის მოსატანად წავედი და როცა ორი საათის მერე დავბრუნდი, ირაკლი ისაკაძე ისევ იმ გაციებულ კატლეტს ჭამდა დაზოგვითა და სიმწრით) ჰოდა ამ ირმებივით თავისუფლობის ჟამს, თავქარიანმა მოზარდებმა გადავწყვიეთ ცოტა აკრძალულ ხილსაც მივძალებოდით და ეშმაკური ღიმილით შევსისინდით მაღაზიაში: ერთი „ლაქი სთრაიქი“ გენაცვალე! (ეს გენაცვალე განგებ დავაყოლე, მცირე ასაკის შესანიღბავად), მაგრამ რატომ „ლაქი სტრაიქი“ ვერ გეტყვით – ალბათ იმიტომ, რომ ამერიკულ ფილმებში მენახა: მოტოციკლებზე გადამჯდარი მაგარი ტიპები, რომლებსაც უკან გრძელფეხება და შილითად ჩაცმული მაგარი ნაშები ესხდნენ, სწორედ „ლაქი სთრაიქს“ ექაჩებოდნენ.

„მამაშენი მოგკლავს მაგას თუ გააკეთებ“ ჩამესმა ხმა, როცა სიგარეტს მოვუკიდე, შიშით მივიხედ-მოვიხედე და ბოლი გამოვუშვი, უცებ კი თავი ჰოლდენ კოლფილდად ჩავთვალე და თითქოს დაგვიანებით, მაგრამ მაინც შევუერთდი ჩემი უბნის ულტრარადიკალურ დისიდენტურ ფრთას. ამ ერთ „გაფრთიანებას“ ბევრი არაფერი შეუცვლია და თბილისში ისეთივე უმწიკვლო დავბრუნდი, როგორმაც ის დავტოვე. ნუ, ოდნავ გაბოლილი, მაგრამ იმ დღეს მე და ისაკამ N რაოდენობის სიგარეტი მოვწიეთ, ლამის გავმწვანდით.

ორი წლის შემდეგ, ისევ ქობულეთში (რა დამთხვევაა!), ოღონდ არა კავკასიის ჩემპიონატზე, არამედ დასასვენებლად ჩასული,  უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. უფრო ზუსტად კი თავადვე, ძალით  შევიქმენი უხერხულობა: კეკლუცურ ასაკში ვარ, თავგამეტებით ვეპრანჭები ყველას, ვისთან გაპრანჭვაც კი შეიძლება. ვკაცობ, ვბაქიობ და ა.შ გარეგნობა ერთადერთი იმაში მიწყობს ხელს, რომ იმაზე მეტი ასაკი მომცენ, ვიდრე ვარ. ამ დროს, ბუნგალოში, ვხვდები მწეველთა, უფრო სწორად კი გოგო მწეველთა საზოგადოებაში.

–         შენ არ ეწევი? – მეკითხება თამამსაცურაოკოსტიუმიანი და მოდი პირდაპირ ვთქვათ – დიდძუძუებიანი მომხიბლავი (მწეველი) გოგონა.

წამის მეათასედებში ვფიქრობ რა პასუხი გავცე და უნებურად ამომდის:
–         როგორ არა, ბავშვობიდან.
ამ დროს ბოდიში მოვიხადე, ერთი წუთით გავალ – მეთქი და ზებგერითი სისწრაფით გავვარდი მაღაზიაში. „ერთი „მალბორო“ გენაცვალე!“ (ისევ გენაცვალე და თუ დააკვირდით ამჯერად უკვე „მალბორო“ რადგანაც ამ გოგონას წამოსცდა „მალბორო“ ყველაზე მამაკაცური სიგარეტიაო) ბუნგალოში ვბრუნდები, საჯაროდ ვხსნი კოლოფს, ერთ ღერს პირში ვიდებ, მოკიდებას ვითხოვ, ვაბოლებ და იმ გოგონას ვუყურებ, რომელიც მალბოროს დანახვაზე აენთო. ერთმანეთს ვუღიმით და . . .

–         ქხხ, ქხხ, ქხხ . მიტყდება ხველა
–         რა დაგემართა? – მეკითხება
–         ამ სიგარეტმა ფილტვები მომისპო
ვიძვრენ თავს და  საკუთარი პასუხით კმაყოფილი ვარ. იმ საღამოს მთელ კოლოფს იქვე დავცლი  სტაჟიანი მწეველის სტატუსის დასამტკიცებლად. შედეგად კი, როცა წამოვდგები დედამიწა დატრიალდება და ბოდიში მომითხოვია გულის რევაც თავს შემახსენებს.

სტუდენტობისას ისევ მივეპარე (ეს მეტად გამოსადეგი სიტყვაა, როცა უდანაშაულობის გამომჟღავნებაც გინდა და დანაშაულის აღიარებაც) სიგარეტს, ცოტა არ იყოს გამიგრძელდა კიდეც, მაგრამ ერთ საღამოსაც ვთქვი, ერთი ამის ყოფაც ვატირე – მეთქი და მას მერე არც მივკარებივარ.

ისე, მართალი გითხრათ ამ სასიკეთო გადაწყვეტილების მიღებაში პროფესიით უროლოგი მამაჩემი  დამეხმარა თავისდაუნებურად, როცა საუბარში შემომაპარა (! ისევ ეს სიტყვა) მწეველების ბოლო – ნაადრევი იმპოტენციააო.
ჩემს ასაკში იმპოტენცია? მტრისას, მტრისას!

Leave a comment