ეკონომიური ენერგიის ალტერნატიული წყარო

ბიოგაზის დანადგარი საქართველოში

მარიამ ნიკურაძე

თიკო ცერცვაძე

საქართველოს გააჩნია არატრადიციული და განახლებადი ენერგეტიკის განვითარების დიდი პოტენციალი, თუმცა ჯერჯერობით თითქმის არ გამოიყენება ისეთი მნიშვნელოვანი ენერგიის წყაროები, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.  საქართველოსათვის  შედარებით  ახალი  პრაქტიკაა  მეცხოველეობის  ნარჩენების  გადამუშავება  და  მისგან  ბიოგაზის  წარმოება. შექმნილია და განხორციელებულია 400-ზე მეტი ბიოდანადგარი.

 ყოველწლიურად საქართველოში 4,4 მლნ. ტონამდე სხვადასხვა სახის ბიომასა გროვდება, რომლის ენერგეტიკული პოტენციალი შეადგენს 12,5 მლნ კვტ.სთ-ს წელიწადში და ამ პოტენციალის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გამოიყენება ენერგიის მისაღებად.

 

ბიომასის მრავალფეროვნებიდან შეიძლება, გამოიყოს: 

  • შეშა;
  • სატყეო მეურნეობის ექსპლოატაციის ნარჩენები;
  • ხე-ტყის ინდუსტრიის ნარჩენები;
  • სოფლის მეურნეობის მოსავლის ნარჩენები;
  • აგროგადამამუშავებელი ინდუსტრიის ნარჩენები;
  • მეცხოველეობის ნარჩენები;
  • გამწმენდი მოწყობილობების ნარჩენები;
  • მუნიციპალური საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

საქართველოში დღეისათვის ყველაზე ფართოდ შეშას მოიხმარენ, რომელიც გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად გამოიყენება. ამ მიზნებისათვის ყოველწლიურად 8 მლნ. მ3. შეშა იჭრება, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სატყეო მეურნეობას.

არსებობს სხვა გზებიც, იმისათვის, რომ გარემოსათვის ზიანის მიყენების გარეშე, დიდი დანაზოგების საფუძველზე მოსახლეობამ შეშის მოხმარება ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლოს ცხოველური ნარჩენებისგან მიღებული ბიოგაზით.

 მცენარეული და ცხოველური ნარჩენები ბიომასას წარმოადგენს, რომელიც მუდმივად განახლებადი ბიოგაზის არსებობის უმნიშვნელოვანეს საფუძველს იძლევა.

ბიოგაზის მისაღებად გამოიყენება სპეციალური დანადგარი, რომელსაც ბიოდანადგარს უწოდებენ.

ბიომასის გამოყენების პოტენციალი საკმაოდ მაღალია თითქმის ყველა სოფელში, სადაც მეცხოველეობას მიჰყვებიან. ბიოდანადგარის ფუნქციონირება დამოკიდებულია კლიმატზეც. მძიმე ზამთრის პირობებში ის ვერ მუშაობს სათანადოდ: ნარჩენები ღამის განმავლობაში იყინება და სწრაფად ვეღარ იწვება, რაც ანელებს გაზის გამოყოფას.

როგორც ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი, გიორგი აბულაშვილი, გვიყვება, საქართველოში მოხდა ბიოდანადგარების მონტაჟი როგორც დასავლეთ, ისე – აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა დასავლეთ საქართველოში უკეთესი პირობები აჩვენა, რადგანაც გარე კლიმატი უფრო მეტად  შეესაბამება მისი არსებობის პირობებს.

ბიოდანადგარის გამოყენება ხელსაყრელია მათთვის, ვისაც ჰყავს პირუტყვი. ამ ადამიანებს შეუძლიათ, მნიშვნელოვნად დაზოგონ ხარჯები,  რაც შეშისა თუ გაზის ბალონის ყიდვას სჭირდება, გადამუშავებით მიღებული მასა კი სასუქად გამოიყენება, რაც, თავის მხრივ, ხარჯების ეკონომიაა. ერთხელ აშენებული ბიოგაზის დანადგარი წლების განმავლობაში დამოუკიდებლად მუშაობს და უსასყიდლოდ გაზს იძლევა. ეს მომგებიანს ხდის ნებისმიერ სოფლად მცხოვრები მოსახლის პირობებს.

 „ბიოგაზის დანადგარი რეალურად წარმოადგენს ჰიდროიზოლირებულ სივრცეს, ამიტომ მისი წარმოებისათვის მაღალი ტექნოლოგიები არ არის საჭირო. ეს ნებისმიერ გლეხს შეუძლია, გააკეთოს საკუთარი ძალებით, დამატებითი ფინანსების გარეშე.“ – ამბობს გიორგი აბულაშვილი, – „თუ საუბარი გვაქვს უბრალო გაზქურის მოხმარებაზე, ჩემი აზრით, 200-300 ლარის დანახარჯით საკუთარი ხელებით ნებისმიერი სოფლის მაცხოვრებელი, ვისაც შრომა შეუძლია, თავად შეძლებენ ამის გაკეთებას.“

 მრავალი ტიპის ბიოგაზის დანადგარი არსებობს, დაწყებული დიდი კომერციული დანადგარებით, დასრულებული მცირე ზომის ე.წ. საოჯახო დანადგარებით. საქართველოში გავრცელებულია ჩინური ტიპისა და ინდური ტიპის 6 მ3 მოცულობის (4-6 ძროხიდან მიღებული ნარჩენი) დანადგარები. სურათზე სწორედ ჩინური ტიპის დანადგარს ხედავთ.  საშუალოდ,  ასეთი დანადგარები მოცულობის ყოველ 1 მ3-ზე გამოიმუშავებს 0,2-04,მ3 ბიოგაზს.

 ბიოდანადგარის კორპუსში ხდება ნარჩენების მოთავსება. გაზი ე.წ გუმბათში გროვდება, სადაც მიერთებულია მილი, რომელიც სახლის გაზქურას უერთდება. ბიომასის საცავში ხვდება გადამუშავებული ბიომასა, რაც შემდგომში სასუქად გამოიყენება.

 ჩვეულებრივ ბიოდანადგარის დამონტაჟება 1500-დან 2000 ლარამდე ჯდება. როგორც ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსი ომარ კიბურაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ეკონომიის ხარჯზე შეუძლია, ძალიან მალე აანაზღაუროს დახარჯული 1500 ლარი, უმეტესობა უარს აცხადებს მის დამონტაჟებაზე სიძვირის გამო. მისი თქმით, უცხოური დონორი ორგანიზაციების დახმარებით ქვეყანაში სპეციალური შერჩევით ათობით გლეხს დანადგარი უფასოდ დაუმონტაჟეს, თუმცა „დიდმა ნაწილმა სათანადოდ არ მოუარა დანადგარს ან საერთოდაც დაეზარა ნაკელის დანადგარამდე მიტანა და დაუბრუნდა გათბობის ტრადიციულ გზებს.“

გიორგი აბულაშვილი განმარტავს, რომ მოსახლეს შეუძლია, დანადგარი კრედიტის საშუალებით დაამონტაჟოს: „მსურველი  მიიღებს კრედიტს სხვადასხვა პროცენტით, ადგილობრივი ბანკების მიხედვით; ამონტაჟებს მოწყობილობას და მას შემდეგ, რაც ბანკის ოფიცერი მივა და დარწმუნდება, რომ ფული მიზნობრივად იქნა გამოყენებული, ბანკი ამ ადამიანს „ბი-პის“ მიერ გამოყოფილი თანხებიდან საჩუქრის სახით ღირებულების 15 %-ს უბრუნებს, პროექტი ევრო ბანკისა და „ბი-პის“ საშუალებით ფინანსდება“. დანადგარის დარჩენილ ღირებულებას მოსახლე ყოველთვიურად ფარავს და შემდეგ საერთოდ თავისუფლდება გადასახადისაგან.

ბიოგაზის დანადგარის ეკოლოგიური ღირებულება საკმაოდ მაღალია. ამ დანადგარში ხდება დაჩქარებული ბიოლოგიური პროცესით სხვადასხვა ბიოლოგიური მასის დეგრადაცია (ხრწნა), რის პროდუქტსაც წარმოადგენს მეთანი და მინარევები.  ბუნებრივ პირობებში ნარჩენების ხრწნის შედეგად გამოყოფილი მეთანიუარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე გლობალური დათბობის კუთხით. რაც შეეხება ბიოდანადგარში გამოყოფილ სასუქს, ეს არის ბიოლოგიურად სუფთა სასუქი, რომელიც მეურნეობაში ანაცვლებს სხვადასხვა მინერალურ სასუქს.

ბიოდანადგარზე ხარჯის გაწევის მიზანშეწონილობის სწორად დადგენითვის მნიშვნელოვანია მისი ყოველმხრივი ეოკნომიკური სარგებლის გათვალისწინება. უპირველესად, ეს არის თხევადი გაზის  ან შეშის ნაკლები რაოდენობით შეძენისაგან მიღებული ფულადი დანაზოგი, რაც ტრადიციული საწვავის ბიოგაზით ჩანაცვლებისას ხდება.  ბიოგაზის დანადგარში გადამუშავებული ნაკელის სასუქად გამოყენება მინერალური სასუქის შეძენის საჭიროებასაც ამცირებს და ფერმერისთვის ეს ფულადი დანაზოგია. დანადგარის მფლობებლები საკვების მოსამზადებლად პრაქტიკულად აღარ ყიდულობენ თხევად გაზს, მნიშვნელოვნად შეუმცირდათ დანახარჯები მინერალურ სასუქზე და თითქმის ორჯერ შეუმცირდათ შეშის მოხმარება.

ბიომასის გამოყენების დადებითი მხარეები:

  • ენერგიის განახლებადი წყაროა და ამიტომ ამოუწურავია;
  • გავრცელებულია ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე;
  • წიაღისეულ სათბობთან შედარებით იაფია;
  • შეიძლება პირდაპირ გამოყენება ან სხვა სახის მოსახერხებელ სათბობად გარდაქმნა შენახვა და საჭიროების შემთხვევაში გამოყენება;
  • მნიშვნელოვნად ამცირებს სათბური გაზების ემისიას ატმოსფეროში;
  • შეუძლია, დიდი წვლილი შეიტანოს ენერგომომარაგებაში;
  • ქმნის დამატებითი სამუშაო ადგილები რეგიონებში. 


უარყოფითი მხარეები

  • ხანმოკლე ექსპლუატაციის ვადა (დაახლოებით 5 წელი);
  •  ადვილად ზიანდება
  • უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება, მოხდეს  აფეთქება. წყალბადის, გოგირდწყალბადის და ნახშირორჟანგის კომპონენტები ჰაერში კონცენტრაციისას ქმნის ფეთქებად ნარევს. ეს ნარევი იმ შემთხვევაში ფეთქდება თუ მეთანის კონცენტრაცია ჰაერში 5-10%_ია.
  • დანადგარი სახლიდა მოშორებით უნდა აშენდეს. ბიოგაზის დიდი რაოდენობით მიღება ადამიანის ორგანიზმისათვის იწვევს მოწამვლას, კარგავს გონებას, ზოგჯერ სიკვდილსაც.

ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელ ბადრი ჩხაიძის თქმით, ქართველი მოსახლეობა ამ საკითხზე არ არის სათანადოდ ინფორმირებული, რაც იწვევს ეჭვიან დამოკიდებულებას ახალი დანადგარის მიმართ. ისინი არჩევენ, ტრადიციული გზებით (შეშისა და ბუნებრივი აირის გამოყენებით) გათბობასა თუ საკვების კეთებას და არ მიდიან რისკზე, რომ ერთჯერადი გადასახადის საფუძველზე სრულიად უცნობი გზით მიიღონ შემდგომში უკვე უფასო გაზი და გამოიყენონ ყოველდღიურ ყოფაში. ამიტომ უპირველესად საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება.

მეორე პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფოსთვის მოსახლეობისთვის ენერგიის ამ გზით მიწოდება არ არის პრიორიტეტული, რადგანაც საწყის ეტაპზე მას ძალიან ძვირი დაუჯდება ხალხისთვის დანადგარების შეძენა და მონტაჟი. მიუხედავად იმისა, რომ მცირე დროში შესაძლებელია თანხის კომპენსაცია და უფრო სამომავლოდ კი ენერგეტიკულ დარგში ხარჯების მნიშვნეოვანი ეკონომია.

Leave a comment