აურზაური „აგვისტოს 5 დღის“ გამო

ანუ უნდა გავაკრიტიკოთ თუ არა საჯაროდ საქართველოს პროპაგანდირებისთის შექმნილი ფილმი?

თიკო ცერცვაძე

ელენე ხაჭაპურიძე

„თეთრ სამკლავურიანს და შავ ნიღბიან ხალხს თუ დაინახავ, დაივიწყე ფოტოების გადაღება, არც კი ეცადო, დაიმალო, შენ უკანმოუხედავად გარბიხარ!“ – ასე აფრთხილებს კაპიტანი რეზო ავალიანი ჟურნალისტ თომას ანდერსის ფილმში „აგვისტოს 5 დღე“ – კინოსურათში, რომელიც პირველი ქართულ-ჰოლივიდური პროექტია და რომელმაც ქართულ-რუსული ომის შესახებ მთელს მსოფლიოს უნდა მოუყვეს.

ფილმის ეკრანებზე გამოსვლის დღიდან მას ქართველი კინოკრიტიკოსების მხრიდან რეზონანსი მოჰყვა. უფრო ფართო განსჯის საგანი კი გოგი გვახარიას კრიტიკული რეცენზია იქცა, რომელიც შემდეგ რუსებმა რუსულად თარგმნეს და საიტზე „ინოსმი.რუ“-ზე განათავსეს.

აი, რას წერს გვახარია ფილმზე: „18 მაისს კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე (და არა კინოფესტივალზე), სასტუმროს კინოდარბაზში უჩვენეს “პროქართული ფილმი”, რომელმაც საეჭვოა, ახალი მეგობრები შესძინოს საქართველოს. მეგობრები კი არა, უნიჭობას შეუძლია, ის ხალხიც ჩამოგვაშოროს, ვინც უყოყმანოდ გვიჭერდა მხარს „ქართულ-რუსულ“ ომში.“

“პრინციპში ფილმში “აგვისტოს 5 დღე” აგვისტოს ომიც კარიკატურას ჰგავს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სურათის რეჟისორს ბავშვობაში “ტანკობანას” თამაში უყვარდა და ახლა შანსი მიეცა, ისევ დაიკმაყოფილოს თავისი ვნება “ბატალურ კინოზე” – ვერტმფრენებით და ტანკებით, სისხლიანი სახეებით, გაბედული ქართველებით, ამერიკელებით და ბოროტი, შეუგნებელი რუსებით. “

“ეს პირველი ჰოლივუდური პროექტია ქვეყანაში და ადამიანი, ვინც კრიტიკულად უდგება მას, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის მტერია” – ამბობს “აგვისტოს 5 დღის” პროდიუსერი კობა ნაყოფია ნეტგაზეთთან ინტერვიუში.  ფილმის შემქმნელებს, კინოკრიტიკოსებსა და მაყურებლებს კინო-სურათის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. სწორედ ეს აზრთა სხვადასხვაობა გახდა მწვავე ინტერნეტ დაპირსპირების საბაბი. ამას ისიც დაემატა, რომ რუსულად ნათარგმნ გოგი გვახარიას სტატიას რუსი მოსახლეობის მხრიდან ცინიზმით სავსე კომენტარები მოჰყვა. რამდენიმე მაგალითი რუსი იუზერების კომენტარებიდან:

„ეჭვი ვის ეპარებოდა? მიშიკო ხომ შეუდარებელია, ოსკარი მას, ჰალსტუხის საუკეთესოდ დაღეჭვისთვის “.

„პირადად მე არ გამკვირვებია, სულელ სააკააშვილს, ყველა სულელი გონია, თავისი ხალხის ჩათვლით.“

გოგი გვახარიას მიმართ უარყოფითი ტალღა აგორდა. ისიც თქვეს, რომ მისი ეს წერილი სამშობლოს ღალატის ტოლფასია და პროფესიულ ვალდებულებებს ქვეყანა არ უნდა გადააყოლო. ნიშნავს, თუ არა, საქართველოს შესახებ გადაღებული ფილმის კრიტიკა შენი ქვეყნის მტრობას და არის თუ არა გამოსავალი ასეთ დროს ჩუმად ყოფნა?

„ბოლოს და ბოლოს მაგ ფილმზე დადებითს თუნდაც მხოლოდ იმის გამო ვიტყოდი (უცხოსთან) რომ იგი (ფილმი) ჩემს სამშობლოზეა გადაღებული, თანაც მის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეებზე!“ – წერს ერთ-ერთი ფორუმელი ფორუმ.გე-ზე. გოგი გვახარია კი თავის ბლოგში სწორედ უნიჭოდ გაკეთებული პროპაგანდული ფილმის მავნებლობაზე მიუთითებს. მოუტანს თუ არა ცუდად გაკეთებული პროპაგანდა საქართველოს სარგებელს, ამაზე ამირან ფრანგიშვილს ერთი პასუხი გააჩნია: „დრო გვიჩვენებს, თუ მივიდა ბევრი ხალხი, და თუ ნახა კომერციული მოგება, მაშინ – კი.  ვიღაცას მოეწეონება, ვიღაცას – არა, მაგრამ რაღაც სიმართლეს მაინც ყველა დაინახავს, რაღაცა შთაბეჭდილება მაინც შეექმნება, ანუ ფილმი თავის პროპაგანდულ ფუნქციას გარკვეულწილად მაინც შეასრულებს.“

ფრანგიშვილის თქმით, კრიტიკა მისაღებია,მაგრამ გააჩნია კრიტიკის ფორმასაც. მას რუსი ბლოგერის მიერ დაწერილი რეცენზია მოჰყავს მაგალითად, სადაც ავტორი ამბობს, რომ ეს ფილმი არის „სწორი გათვლა, ეს არის არც ისე მაღალი დონის ბოევიკი, რომელიც პოპულაურია საშუალო ფენაში, ბევრი ხალხი მიდის მხოლოდ იმიტომ, რომ დაისვენოს. რაღაცა ემოცია განიცადოს, ნახოს  ეფექტი, ექშენი და ა.შ“.

პროფესიით ექიმმა თავისი პოზიცია ინტერნეტ-პორტალ  აირიფორთერზეც დააფიქსირა. ნაწყვეტი მისი ბლოგიდან:

„ფილმი, რა თქმა უნდა, არ არის გათვლილი ინტელექტუალებზე. რა თქმა უნდა, ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი, რა თქმა უნდა, მასებზეა გათვალისწინებული… გვახარიას ერთი რამე დაავიწყდა: ემოციური კომპონენტი ძალიან ძლიერია (ამერიკელებს კარგად აქვს გათვლილი ფსიქოლოგიის ეს კომპონენტი), და ვაი, საოცრებავ, ქართველი ლიბერალი კრემლის მხარეს აღმოჩნდა, იმპერიალისტების გასახარად (კომენატარები არის დასტური). ბატონო გოგი, რას ემსახურება ეს თქვენი „პასკვილი“? მხოლოდ ხელოვნების სიწმინდეს. ამ დროს კი ჩვენი  მოქალაქეების ძვლებზე ამ იმპერიალისტ-ოვინეისტების ბრბო ცეკვავს, საუბედუროდ თქვენც გახდით ამ ბალეტის თნამონაწილე (უფრო სწორად, დამდგმელი)… მგონი, ქვეყნის დამოუკიდბელობა უფრო პირველხარისხოვანია, ვიდრე ხელოვნების სიწმინდე. მგონი, არ ვცდები, თორემ თბილისი ახლაც საემირო იქნებოდა“

 კინომცოდნე თეო ხატიაშვილისთვის ფილმის ემოციურობის კომპონენტიც პირობითია და იგი ამას არასკმარის არგუმენტად მიიჩნვეს კრიტიკის გაუმართლებლობის საქმეში: „ფილმი უბრალოდ ცუდი გამოვიდა, მოდით, ამაზე შევთანხმდეთ და ვაღიაროთ. რამდენად ვიღაცის პატრიოტულ გრძნობებს აღძრავს, ვიღაცისას არ აღძრავს, ვიღაცა უფრო სკეპტიკურად არის განწყობილი, ვიღაცა უფრო ნაკლებად, ეს უკვე გემოვნებაზე, ინტელექტზე და სხვადასხვა ფაქტორებზე არის დამყარებული, მაგრამ კრიტიკოსის ვალდებულებაა უბრალოდ, რომ ის იყოს  ამ ემოციური ვნებებისგან თავისუფალი. პატრიოტული და იდელოგიური შეფასება ჩვენ გავიარეთ საბჭოთა პერიოდში“.

ჟურნალ “ტაბულას” კინო მიმომხილველის, ნიკა ესებუას, აზრით კი, კინოკრიტიკოსმა თავი სულაც არ უნდა შეიზღუდო ამ ფილმის კრიტიკისგან:

„ის ფაქტი, რომ ფილმი არის მდარე ხარისხის პროდუქცია და ამაზე კინო კრიტიკოსი ადეკვატურად წერს, რომ ეს ფილმი არ ვარგა არაფრად, როგორც მხატვრული ღირებულებების მქონე მატარებელი,  სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი მოღალატეა და საქართველოს ინტერესებს არ იცავს.“

რას ფიქრობენ თავად გორელი მაყურებლები ამ ფილმზე, ადამიანები რომლებიც ფილმში აღწერილი მოვლენების უშუალო მონაწილეები იყვნენ? აი, რას წერს ერთ-ერთი ბლოგერი გორიდან:

„გასაკვირი არაა, რომ უარყოფითად შემფასებელთა უდიდესი ნაწილი თბილისიდანაა. იმის მიუხედავად, რომ აგვისტოს რეალურმა ხუთმა (და მეტმა) დღემ მთელი საქართველო შეძრა, თბილისს არ უხილავს უწყვეტი დაბომბვა, ჯარის უკან დახევა, დამპყრობლების ტანკების შლიგინი საკუთარი სახლების წინ, გადამწვარი სახლები და დაქირავებულ სისხლისმსმელთა მხეცობა. ძალიან ხშირად ტრაგედიის გასაცნობიერებლად, საჭიროა, თავად იყო ტრაგედიის ნაწილი. სხვაგვარად, კი როგორც ვხედავთ, თანაგრძნობის ხარისხი უკიდურესად დაბალია.“

კინოკრიტიკოსი გიორგი კალატოზიშვილი თვლის, რომ გოგი გვახარიას კრიტიკის მნიშვენლობის შეფასება რუსული უკუკავშირით და კომენტარებით არასწორია, იგი ვერც ფილმის პროპაგანდულ იდეას ხედავს ნათლად:

„ეს ფილმი რომ პროპაგანდისტული ყოფილიყო, მაშინ ქართული მხარე მოიქცეოდა ისე, როგორც მოიქცა რუსული მხარე, როდესაც ფილმი „ოლიმპუს ინფერნო“ (ფილმი ასევე ეძღვნებოდა რუსეთ-საქართველო ომს) აჩვენა პირდაპირ ტელევიზიის მეშვეობით. ამით ფილმმა, ფაქტობრივად, ერთ დღე-ღამეში მოიცვა მთლიანად თავისი  აუდიტორია, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გასუვა, რომ ეს არის პროპაგანდული ფილმი“.

კრიტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ფილმის პროპაგანდულობა არ ამართლებს მის ცუდ ხარისხს.  კინო მცოდნე თეო ხატიაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს რაიმე ობიექტური ფაქტორი, რომელიც პროფესიონალ კრიტიკოსს გაჩუმებისკენ უბიძგებს:

„ჩვენ დღეს ვითხოვთ ინტელექტუალებისგან, რაღაცა შემთხვევაში გაჩუმდნენ და რაღაცა შემთხვევაში გამოვიდნენ  აქტიურად, ანუ ჩვენ თუ გვინდა მართლაც ამ საბჭოთა მემკვიდრეობის გადალახვა და მისი გააზრება, ეს ორმაგი სტანდარტები უნდა მივიშოროთ თავიდან. არსებობს რაღაც სიმართლე, რომელსაც ადამიანი და პროფესიონალი უნდა მიყვებოდეს და ამ შეთხვევაში გამონაკლი არ არსებობს.“

„აგვისტოს 5 დღე“, რომლის ბიუჯეტი imdb.com – ის ინფორმაციით, 20 მილიონ დოლარს შეადგენს, ამერიკულ პრემიერას ახალი სათაურით („ომის 5 დღე“)  აგვისტოში ელოდება.

ვიდეო სიუჟეტი

ფილმის თრეილერი

Leave a comment