“საათივით აწყობილი“ წარსული

მარგო ჯაფარიძე

სახლის წინ ჯიხური დგას, ჯიხურთან – წითელი მანქანა, მანქანაში ახალგორელი გათენაშვილი ზის. მეუბნება, რომ ზურაბი შინ არ არის, შემდეგ საკუთარ ტყუილზე ეღიმება და სახლში გვპატიჟებს.

წეროვანის დევნილთა დასახლებაში შეძლებულ ოჯახს თუ იკითხავთ, მეცხრე რიგის მეშვიდე სახლზე მიგითითებენ. აქ ზურაბ გათენაშვილი სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

პატარა მაგიდასთნ ზურაბის ქალიშვილი, თექვსმეტი წლის სოფო და მისი მეგობარი მერი სხედან. მაგიდაზე პური, შემწვარი კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, ყველი, შოკოლადის კარაქი, იოგურტი და გამაგრილებელი სასმელი დევს. მეორე ქალიშვილი ნინო სკოლაშია, მესამე, ოთხი წლის ლიზი კი კვირაზე მეტია, ბიძაშვილებმა სურამში წაიყვანეს დასასვენებლად.  მეუღლე ნონა კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზეა თბილისში.

სოფო ქართული ხალხური სიმღერის წრეზე დადის სკოლაში, ოჯახში ფეხბურთის გამორჩეული გულშემატკივარი და საფეხბურთო გუნდ „ბარსელონას“ ფანია.  „კი“, „არა“, ან „არ ვიცი,“- ზედმეტ შეკითხვებისაგან თავს ირიდებს, საუბრობს ცოტას, საკუთარი დამოკიდებულების მინიშნებით ჩვენება ურჩევნია: „როცა საკუთარი აზრის გამოხატვა მინდა, კედელზე დავწერ ან დავხატავ, შესაფერის ტანსაცმელს შევარჩევ, ასე უკეთ გამომდის..“

სახლისთვის ავეჯის ნაწილი და ტექნიკა საკუთარი სახსრებით შეიძინეს. 2008 წლის 8 აგვისტოს, როცა ომი დაიწყო, ოჯახმა ახალგორი ქალაქში რუსული არმიის   შესვლამდე დატოვა და თავი თბილისში ახლობლებს შეაფარა. ძველი ქონებიდან ნუგზარს ერთი მსუბუქი და სამი სატვირთო ავტომანქანა დარჩა. ამბობს, რომ მანქანებს აქირავებს, მაგრამ, რაც წეროვანში გადმოვიდა საცხოვრებლად, ძველი კლიენტები დაკარგა. მოსწონს ჯიხური, რომელიც სახლის წინ დადგა. ოთხი კვადრატული მეტრის ფართობის ჯიხურში ოთხი მაცივარი, მაგიდა და პროდუქტებისთვის ორი სათავსოა მთლიანი კედლის სიგრძეზე. როგორც თვითონ ამბობს, მისი ჯიხური ყველას სჯობს სოფელში პროდუქტების მრავალფეროვნებითაც და სათავსოებითაც.

ჯიხური თვეში სამასლარიან შემოსავალს აძლევს, ამას ემატება მეუღლის ხელფასი ოთხასი ლარი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ბუღალტრად მუშაობს. საშუალოდ თვეში ოჯახს რვაასი ლარი რჩება:

„მეოთხედიც არ არის ეს თანხა იმასთან შედარებით, რასაც ჩემი ბიზნესით ვშოულობდი: ერთი მაღაზია და სამი სატვირთო მანქანა სამი ათას ლარზე მეტ შემოსავალს მაძლევდა, მაგრამ საჭმლის ფულს ჩემით ვშოულობ და სხვებს რომ თავს ვადარებ, ვხვდები, რომ საწუწუნო არაფერი მაქვს.“
საუბარს კლიენტების ზარი აწყვეტინებს. იღებს სათვალეს, კალამს, შემდეგ ფურცელს ეძებს, თეფშის ქვეშ მოყოლილ სუფთა ხელსაწმენდ ქაღალდს აცურებს და ზედ რაღაცას ინიშნავს. სოფო მაგიდას ალაგებს. მერე ზურაბს ისევ ურეკავენ და ისევ ინიშნავს, ქაღალდს მაგიდის კუთხეში დებს და საკუთარ პროფესიაზე საუბარს აგრძელებს.

ოცდაერთი წლის ასაკში საზღვაო სანაოსნო კურსები გაირა ბათუმის პროფტექნიკუმში. ათზე მეტ ქვეყანაში იყო საზღვაო რეისით, თუმცა მეზღვაურობა მას შემდეგ შესძულდა, რაც ნიგერიაში საკუთარ გემზე ხუთ თვით დაატყვევეს. მას შემდეგ, გემზე აღარც მგზავრი ყოფილა და აღარც ეკიპაჟი. ოჯახი შექმნა და მშვიდი ცხოვრება აირჩია.

უნდა, რომ სოფოს ბუღალტერია ასწავლოს და საკუთარ ბიზნესში ჩააბას. შვილი მაღაზიაში ხშირად ცვლის ზურაბს, მისი დამოუკიდებლობით კმაყოფილია: „მე არ მითქვამს, ბაზარში წავიდა, მზესუმზირა იყიდა, მოხალა, მაღაზიაში შეიტანა და გაყიდა. უკვე საკუთარი შემოსავალი გაიჩინა.“ მამის სურვილისგან განსახვავებით, სოფო საკუთარ მომავალს ფსიქოლოგის პროფესიას უკავშირებს. განსაკუთრებით მას შემდეგ მოიხიბლა ამ პროფესიით, რაც წეროვანის დასახლებაში ამერიკელი ფსიქოლოგი ჩამოვიდა და სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარა.

„კარგი რა, ფსიქოლოგობა მღვდლის პროფესიას ჰგავს, ყველას გაჭირვებას უნდა უსმინო“,- ცდილობს, დარიგებით აზრი შეაცვლევინოს სოფოს, მაგრამ კონსესუსს მაშინ აღწევენ, როცა მამა  ამბობს, რომ ეს პროფესიები  ერთმანეთს არც გამორიცხავს და სოფოს შეუძლია, ბუღალტერიც იყოს და ფსიქოლოგიც.

ყველაზე მეტად ახალგორში მიტოვებული ბინა ადარდებს. თავისუფლების თორმეტ ნომერში ახლად გარემონტებულ სამოთახიან ბინაში ახლა ოსური პოლიციის თორმეტი მოხელე ცხოვრობს, ვერც მეგობარი პროკურორის ჩარევით მოახერხა ბინის გამოხსნა, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა მეგობარმა ოსებს ქირის, ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა დააკისრა:
„არ მეგონა, ჩემს სახლს თუ ვინმე ხელს მოკიდებდა. მეგონა, იმდენი სიკეთე დავთესე, რომ პატივს მცემდნენ, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ დიდად თავი არავისთვის გამირჯია. ორჯერ გამძარცვეს, მერე ვიღაცამ „პატივი მცა“, ბინა პოლიციელებთან შემიქო და მათაც საცხოვრებლად ჩემი სახლი აარჩიეს, თუმცა მეგობრის დახმარებით იმდენი მოვახერხე, რომ ყოველთვიურად ჩემი მეგობარი ჩემს სახლში მიდის და ქირას ფაქტობრივად, ძალით ართმევს“.

სახლის უკან ბოსტანია გაშენებული. სტაფილო, ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი დათესა და ცაცხვი, ატამი და მსხალი დარგო: „სხვები თავზე დაჰფოფინებენ, უვლიან, მე ერთხელ მოვრწყე და კარგი მოსავალი მოვიდა, ეტყობა, მიწა აქ განსაკუთრებულად კარგია.“

„მაშინ მოვიდნენ, როცა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი საათივით წიკწიკებდა“,- ისევ ფიქრობს უფრო დიდი ბიზნესის წამოწყებაზე, იდეები აქვს, მაგრამ როგორც ამბობს, საწყისი ფული – არა.  ახლა მისი სადარდებელი სამი შვილის ბედია. მთავარია, პატარა ლიზის არაფერი უჭირს, სოფო კი „ისეთი გოგოა, არსად რომ დაიკარგება.“

Leave a comment