ვაქცინაცია კიბოს წინააღმდეგ

მარგო ჯაფარიძე
დავით გორგილაძე

თბილისში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. თუკი გასულ წელს უფასო ვაქცინაციის პროგრამა თბილისში მცხოვრები 13 წლის გოგონებისთვის იყო გათვალისწინებული, წელს პროგრამის მოცულობა გაიზარდა და მასში თბილისის მკვიდრი ყველა ის 11-13 წლის გოგონა მოხვდება, ვინც ამას მოისურვებს.

დადგენილია, რომ პაპილომა ვირუსი (HPV) საშვილოსნოსყელის კიბოს გამომწვევი მთავარიო მიზეზია. გამოკვლევა ამის შესახებ გერმანელმა მეცნიერმა ჰარალდ ცურ ჰუსენმა ჩაატარა და ამისთვის 2008 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.

თბილისში უფასო ვაქცინაციას ეროვნული სკრინინგ ცენტრი, სანდრა რულოვსის პატრონაჟით, თბილისის მუნიციპალიტეტისა და ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. ვაქცინაციის ჰუმანიტარულ პროექტს Humanity International-თან თანამშრომლობით ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ (American Friends of Georgia) ატარებს, ხოლო დაფინანსებულია Axios Healthcare International-ის მიერ.
მსოფლიოში ყოველწლიურად საშვილოსნოს ყელის კიბოს 490 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგანაც 270 ათასზე მეტი ლეტალურად მთავრდება. „კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის“ (National Cancer Institute) 2010 წლის მონაცემებით, ამერიკაში 12 200 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 4 210 უკვე სიკვდილით დასრულდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2009 წლის მონაცემებით, საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს 277 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2008 წელს – 267, ხოლო 2007 წელს 252 შემთხვევაა რეგისტრირებული. ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპის ქვეყნების სტატისტიკას უტოლდება, თუმცა საქართველოში უმეტესად მესამე-მეოთხე სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევებია. მსოფლიოში ქალის რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის, პირველ ადგილს ძუძუს კიბო იკავებს, ხოლო მეორეს – საშვილოსნოს ყელის კიბო. ადამიანის პაპილომა ვირუსს კი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს შორის პირველი ადგილი უჭირავს, რომლისგან სრულ დაცვას ვერც ბარიერული საშუალებები უზრუნველყოფენ.
ადამიანის პაპილომა ვირუსის ასზე მეტი სახეობა არსებობს. მათ შორის განსაკუთრებით სახიფათო მეთექვსმეტე და მეთვრამეტე ქვეტიპის ვირუსებია, რომლებიც 70-80% შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მიზეზს წარმოადგენენ. მათ წინააღმდეგ პრეპარატები „ცერვარიქსი“ და „გარდასილი“ მოქმედებს: „თბილისში აცრა პრეპარატ გარდასილით ტარდება. იგი კვადრივალენტურია, ანუ ადამიანის პაპილომავირუსის ოთხ ქვეტიპს ებრძვის. ცერვარიქსისგან განსხვავებით, გარდა კიბოს გამომწვევი ქვეტიპის ვირუსებისა (მეთექვსმეტე, მეთვრამეტე), ”გარდასილი” მეექვსე და მეთერთმეტე ქვეტიპის ვირუსებსაც ებრძვის, რომლებიც სხეულზე კონდილომებს (ხორცმეტებს) იწვევენ. არაავთვისებიანს, მაგრამ პათოლოგიას,“- აღნიშნავს ეროვნული სკრინიბნგ ცენტრის ხელმძღვანელი, რემა ღვამიჩავა.
სამედიცინო ცენტრ “მედეას” გენერალური დირექტორი, ზაზა ჩიტიაშივილი ამბობს, რომ, როგორც კლინიკის ხელმძღვანელი, ვაქცინა „გარდასილზე“ თავს იკავებს და კლინიკის გინეკოლოგებს მის აგიტაციას უკრძალავს, თუკი პაციენტი თავად არ მოითხოვს აცრის ჩატარებას. საკუთარ მოსაზრებას ის ამგვარად ასაბუთებს: „გარდასილი არის პირველი ვაქცინა, რომლის გამოყენებაც ხდება კიბოს პროფილაქტიკისათვის. არ არსებობს ინფორმაცია გარდასილის ხანგრძლივ გამოყენებაზე: გამოცდა 36 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მართალია, პრეპარატი 11 ათასამდე ადამიანზე გამოიცადა, მაგრამ მისი გამოყენების რეკომენდაცია FDA-ს (Food and Drug Administration) მიერ ეგრეთ წოდებული “დაჩქარებული წესითაა” მირებული. არ არის შესწავლილი ვაქცინის პოტენციური ზემოქმედება ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე და ნაყოფზე. ვაქცინაციის პერიოდში მწარმოებელი რეკომენდაციას იძლევა, რომ პაციენტმა თავი დაიცვას ორსულობისაგან. თუ ქალი რეგულარულად აკითხავს გინეკოლოგს, იკეთებს პროფილაქტიკურ გამოკვლევებს და პაპილომავირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად ჩაიტარებს ანტივირუსულ მკურნალობას, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების შანსი მინიმალურია. ამავე დროს, შემთხვევათა 100%-ში გარდასილიც ვერ იძლევა იმუნიტეტს და, შესაბამისად, არ წარმოადგენს 100%-იან გარანტიას საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკისა.”
პრეპრატ „გარდასილს“ ფირმა „მერკი“ აწარმოებს და შვეიცარიაში მზადდება. ვაქცინა ნაჩვენებია 9-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში (ამ ვაქცინით დასავლეთში მამაკაცების აცრაც ხდება: გარდა საშვილოსნოს ყელის კიბოსი, ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს ისეთ ონკოლოგიურ დაავადებებს, როგორებიცაა ანუსის, პენისის, ყელისა და ენის კიბო) ან/და 18-დან 26 წლამდე ასაკის ქალებში. ვაქცინაცია ყველაზე ეფექტურია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე. ცხოვრების სხვა ეტაპზე კი ექიმთან კონსულტაცია და იმის გარკვევაა საჭირო, შეიძლება თუ არა აცრის ჩატარება.
„გარდასილის“ გამოყენების შედეგად, არც ერთი მნიშვნელოვანი უკუჩვენება არ დასტურდება. ვაქცინა შეჰყავთ ინექციის გზით. აცრა სამი დოზით, ინექციებს შორის ორთვიანი ინტერვალით ხდება.
მიღებული ჰუმანიტარული დახმარება თბილისში ინექციის სრული კურსის ჩასატარებლად საკმარისია. პაციენტები სპეცუბნებზე აიცრებიან. კერძოდ, ენდოსკოპური ქირურგიისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრ „იუნონაში“, №6 სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრში, შპს იმუნიზაციის ცენტრში, №23 ბავშვთა კლინიკაში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრსა და თბილისის ორ სკრინინგ ცენტრში. ინფორმაციის მისაღებაად მოქმედებს უფასო ცხელი ხაზი.
ვაქცინაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სარეკომენადიო სიაში აქვს შეტანილი.
საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ვირუსებით ინფიცირებას არ ახასიათებს ადრეული სიმპტომები. ამიტომაც სკრინინგის ჩაატარება სავალდებულოა, თუნდაც პაციენტი აცრილი იყოს: საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი, 20-30% შემთხვევაში შეიძლება არა პაპილომა ვირუსი, არამედ სხვა რამ იყოს. პაციენტს უტარებენ პაპ (პაპანიკოლაუს) ტესტს, რაც საშვილოსნოს ყელიდან სპეციალური ჯაგრისით ნაცხის აღებას და უჯრედების მიკროსკოპის ქვეშ შესწავლას გულისხმობს და „HPV-DNA“-ის ტესტს, რომლის საფუძველზე ვირუსის მაღალი რისკის ტიპები დგინდება.
პაციენტების ექიმთან ვიზიტის ძირითადი მიზეზი ვაგინალური სისხლდენა და ტკივილია. ასეთი სიმპტომები შესაძლოა, საშვილოსნოს ყელის კობოს მიზეზი აღმოჩნდეს.
ოთხ წელზე მეტია, ვაქცინაცია ”გარდასილით” ნებისმიერი მსურველისთვის თბილისის კერძო კლინიკებშიც კეთდება და სრული კურსი 900 ლარამდე, ხოლო საშვილოსნოს ყელის სკრინინგი საშუალოდ 450 ლარამდე ჯდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგს ეროვნული სკრინინგ ცენტრი თბილისში მცხოვრებ ოცდახუთიდან სამოც წლამდე ქალბატონებს უფასოდ უტარებს.

One Comment to “ვაქცინაცია კიბოს წინააღმდეგ”

  1. ვაქცინაციის მთელი კამპანია სხვა არაფერია, თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის მიზანმიმართული გენოციდი. საქართველოს დღევანდელი მოსახლეობა საცდელი თეთრი ვირთაგვები არიან, რომლებიც მსოფლიოს კულისებსმიღმა სივრციდან იმართებიან და რომლებზეც მისი პერიფერიის წარმომადგენლები ატარებენ თავიანთ კაცთმოძულე ექსპერიმენტებს. რამდენიც უნდა გვიძახონ ცისფერი ეკრანებიდან ლაქიებმა და მეტროპოლიის ზედამხედველებმა დემოგრაფიული ზრდისა და უბრალო მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესების შესახებ – ეს განა მარტო არ ხდება, არამედ პირიქით _ ადამიანებში სიმართლისა და ტყუილის საშუალებით ცდილობენ შეიყვანონ დაავადება, რომელიც მათ არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც მოწამლავს.
    ამიტომ მინდა დავიცვა მომავალი დედები ვაქცინაციის მცდარი ნაბიჯისგან, თუ მათ სურთ, რომ იყვნენ არა მარტო ჯანმრთელები, არამედ, საერთოდ შვილები შეეძინოთ.

Leave a comment